გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობა - პუტინისა და კადიროვის ერთობლივი გეგმა

გამოქვეყნდა:

ვასამბეკ ბოკოვი საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთა, იქირავა ბინა, საცხოვრებელი რამდენჯერმე შეიცვალა -  ეს ყველაფერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იცოდა. უწყება დეტალებს არ ასაჯაროვებს, თუმცა სანდრო წყარო "მთავარს" უყვება, რომ ბოკოვის დავალება მხოლოდ  გიორგი გაბუნიას თვალთვალი იყო. მას უნდა შეესწავლა ჟურნალისტის გადაადგილების ტრაექტორია; უნდა გაერკვია სად ცხოვრობს, სად დადის, ვისთან ერთად მოძრაობს; უნდა დაედგინა ყველა დეტალი, რაც სამიზნეს უკავშირდებოდა. ამის შემდეგ ის საქართველოდან უნდა წასულიყო, სხვა, უკვე შემსრულებელი ჩამოსულიყო და საკონტროლო გასროლით მოეკლა. 

ისინი, ვინც მთავარი არხის წამყვანის დაცვის წევრებმა შეამჩნიეს, ნამდვილად ძალოვანი უწყების თანამშრომლები  იყვნენ, თუმცა როგორც ჩანს, მათი მიზანი არა გაბუნიას, არამედ ვასამბეკ ბოკოვის თვალთვალი იყო. სუს-ში ისიც იციან, რა მიზნით დაიოდა ბოკოვი პანკისში, თუმცა ამ დრომდე არაფერს ამბობენ. არ არის გამორიცხული, საქმეში არსებობდეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რადგან ჩვენი ინფორმაციით, ქართველ ძალოვანები  რამდენიმე თვეა ფლობენ ინფორმაციას,რომ ტელეწამყვანის  ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ამჯერად ქართული სპეცსამსახურების მიზანი ხელისუფლებისვის არასასურველი ჟურნალისტის  უსაფრთხოების უზრუნველყოფა აღმოჩნდა. 

ქართულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საქმის დეტალები მაისის დასაწყისში, მაშინ გაიგეს, როდესაც უკრაინელმა კოლეგებმა ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს. 14 აპრილს უკრაინაში უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სააგენტოს უფროსი კადიროვის დავალებების შესრულებაში ამხილეს და დააკავეს. გენერალ შაიტანოვს ბრალად ვლადიმერ პუტინისა და კადიროვის მტრის მკვლელობის მომზადება და ამ საქმეში მილიონი დოლარის აღება ედება. ამ  მასშტაბური ოპერაციის შემდეგ, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააპატიმრეს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში შეიტყვეს, რომ მზადდებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობაც. 

საქართველოში რამზან კადიროვის დავალებით ჩამოსულმა ბოკოვმა, როგორც ჩანს, თავისი საქმე  შეასრულა - შეისწავლა ყველაფერი, რაც  სჭირდებოდათ და 13 ივნისს ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ამას პანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხანგოშვილიც ადასტურებს. სწორედ მისი შვილის მეგობარი იყო ბოკოვი და მათი სტუმარიც არაერთხელ ყოფილა პანკისში. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიერ გაბუნიას მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა, განცხადებაში არ თქმულა ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. რატომ მალავს დეტალება უსაფრთხოების სამსახური - რა მიზანი აქვთ და რატომ არ ახდენენ საზოგადოების ინფორმირებას სკანდალურ საქმეზე - ახლა ეს არის მთავარი კითხვა.

გადაიარა საფრთხემ თუ ისევ არსებობს? - ამ რიტორიკულ შეკითხვაზე პასუხი ალბათ ყველასთვის ნათელია. მთავარი შეკითხვა კი ასე ჟღერს - შეუძლია თუ არა სახელმწიფოს კონკრეტული ადამიანისა და ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვას მტრისგან, რომელიც არაფერს ერიდება და რომელსაც სახელად ვლადიმერ პუტინი ჰქვია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი