საქართველოში მოქმედებს "ომის პარტია" და რუსი მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულ კამპანიას აგორებს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას" ამჯერად "ომის პარტიას" უწოდებს და ამბობს, რომ ის საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ დისკრიმინაციულ კამპანიას აწარმოებს.

"საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებას. [...] 

ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი, რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალიან უხეში გამოვლინებაა ჩართულები არიან ენმ-სთან დაკავშირებულ არასამთავრობოები, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მისი განცხადებით, წარმოებული კამპანია კონსტიტუციის მე-11 მუხლს არღვევს. კობახიძემ თქვა, რომ ეს "ქართული კულტურის" ნაწილი არაა და სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ მოვლენები შესაძლოა რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს.

კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა ყველა ზომა მიიღონ ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისთვის.

"საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე", - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, ამ მხრივ კანონის გამკაცრებაზე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი