რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველო და მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც კი არ უერთდებიან, მათი მხრიდან ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება "გაუგებარია".
როგორც გონჩარენკომ "მთავარ არხთან" ინტერვიუში აღნიშნა, "რთულია იმის მტკიცება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გსურს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდები".
ამასთან, რადას დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაიხსენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც მოხალისეებს უკრაინაში გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცათ.
"უკრაინა განსაკუთრებულ მდგომარეობაშია და ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ითხოვს. რაც შეეხება საქართველოს და მოლდოვას, ეს ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც კი არ შეუერთდნენ. ეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაა.
მადლობელი ვარ ქართველი ხალხის და მათ მიერ გამოხატული მხარდაჭერის. თუ საქართველოს მთავრობას დემოკრატიული სამყაროსკენ მოძრაობას სურს, მაშინ თავისუფალი სამყაროს პოზიცია უნდა გაიზიაროს. რთულია იმის მტკიცება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გსურს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდები.
ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის გაუგებარი, ამავდროულად უცნაური პოზიციაა, რადგან მსოფლიოში დღეს ნეიტრალური პოზიცია არ არსებობს. ან თავისუფალი სამყაროს მხარეს დგახარ, ან პუტინთან და ლუკაშენკოსთან ერთად მას ებრძვი. ამავდროულად ისინი მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინის დახმარება სურთ, ხელს უშლიან. უცნაურია", - თქვა ალექსეი გონჩარენკომ.
ამავე თემაზე: