
როსტურიზმის ხელმძღვანელი ზარინა დოგუზოვა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (UNWTO) მიმართავს, "არ მოხდეს ტურიზმის" პოლიტიზირება და არ გარიცხოს რუსეთი ორგანიზაციიდან.
"მოგიწოდებთ, ძვირფასო კოლეგებო, უარყოთ გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სესიის მოწვევის წინადადება რუსეთის ფედერაციის წევრობის შეჩერების საკითხის განსახილველად“, - ნათქვამია დოგუზოვას წერილში.
ის ამტკიცებს, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხები ორგანიზაციის კომპეტენციაში არ შედის.
UNWTO რიგგარეშე სხდომის გამართვას სწორედ დღეს, მადრიდში გეგმავს, სადაც განიხილავენ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერების საკითხს.
"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ტურიზმი შექმნილია ხალხის გაერთიანების, მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად" - წერს დოგუზოვა და ამტკიცებს, რომ "ნაჩქარევი გადაწყვეტილებების" მიღება ნეგატიურად იმოქმედებს არა მხოლოდ ორგანიზაციაზე, მთელ ტურიზმის ინდუსტრიაზე.
შეგახსენებთ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილია. მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 27 თებერვალს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, განიხილონ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხი.