იქცევა თუ არა "ქართული ოცნება" "ქართულ სირცხვილად" - ხელისუფლება მხოლოდ დუმს და არაფრით პასუხობს რუსეთიდან მომდინარე მორიგ შეურაცხყოფასა და მუქარას.
ქვეყნის პირველი პირი პასუხისმგებლობას ისევ გაექცა. პუტინის მარჯვენა ხელის, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ღია მუქარა საქართველოს მოქალაქეზე, ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიაზე, სალომე ზურაბიშვილისთვის კომპეტენციის სფერო ისევ არ აღმოჩნდა. პრეზიდენტს მედიის არაერთი მცდელობის მიუხედავად, პუტინსა და რუსეთზე ერთი სიტყვაც ვერ წამოაცდევინეს.
იგივე გზავნილი ჰქონდათ დღეს უმრავლესობის ლიდერებს. "ქართული ოცნების" გენერალური მდვნისთვის გაუგებარი იყო, რატომ ჰკითხეს ჟურნალისტებმა კადიროვის მუქრის შეფასება.
უმრავლესობას დღეს სხვადასხვა სიტყვებით, თუმცა ერთი შინაარსის გზავნილი ჰქონდა, რომ ოპოზიციის ნარატივს არ აყვებიან და მადლობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადროვი კი "მთავარი არხის" ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას უკვე მეორედ დაემუქრა. ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, რომ კადიროვის დაკვეთით საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა, საპასუხოდ 24 საათი დასჭირდა. უკან არ დაუხევია. ვლადიმერ პუტინის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
მიუხედავად არაერთი მუქარისა და მძიმე დანაშაულის ჩადენის ღია საფრთხისა, რუსეთი, ვლადიმერ პუტინი ან რამზან კადიროვი თავის განცხადებაში საქართველოს პრემიერმინისტრს არ უხსნებია, გიორგი გახარიამ "პირველ არხთან" ინტერვიუში მხოლოდ ის თქვა, რომ ქვეყანაში უმძიმესი დანაშაულია აღკვეთილი. პრემიერმინისტრმა, ისევ პოლიტიკური სპეკულაციაზე ილაპარაკა და შიდა ძალებზე მიანიშნა.
ოპოზიციისთვის ოპონენტების წინააღმდეგ თითის გაშვერა გაუგებარია. ისინი "ოცნების" მთავრობისგან მოითხოვენ, მეტი გამბედაობა გამოიჩინოს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ადეკვატური განცხადებები გააკეთოს.
ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშაოს და საქართველოში არჩევნების წინ ოკუპანტის ახალი ფორმით გააქტიურებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.