"უკრაინელებო, მინდა, რომ სწორად გამიგოთ, გარკვეული წარმატებები გვაქვს. ის, რომ უკრაინელი ერი მტრის წინააღმდეგ გაერთიანდა, უკვე ცალკე ისტორიის ნაწილია... მაგრამ მაინც არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მოვდუნდეთ", - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ მოქალაქეებს.
მან აღნიშნა, რომ რუს ოკუპანტებს ქვეყნის ტერიტორიაზე დამატებითი დაჯგუფებები შეჰყავთ და ცდილობენ, უკრაინელებში გამარჯვების რწმენა გატეხონ, ამის წინააღმდეგ კი ერთიანი ბრძოლის გაგრძელებაა აუცილებელი.
"მტერს, ჩვენს ქვეყანაში ახალ-ახალი დაჯგუფებები შემოჰყავს. ეძებენ დამატებით მებრძოლებს, აგზავნიან წვევამდელებს, დაქირავებულ მკვლელებს, ცდილობენ დააკნინონ და გატეხონ ჩვენი გამარჯვების რწმენა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს არ გამოუვათ, თუმცა ეს რომ არ გამოუვიდეთ, ერთიანი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, უნდა ვიმუშაოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ შიდა უთანხმოება, ზუსტად ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ომის 17 დღის განმავლობაში!", - თქვა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ მარიუპოლში დღეს ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი "სიჩუმის რეჟიმს" აღარ დაარღვევს.
"დღეს, ისევ გავაგზავნეთ მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარება და ვიზამთ ყველაფერს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს მიიღონ, დიდი მადლობა თითოეულ მძღოლს, რომელიც ამ ურთულესი დავალების შესრულებას ცდილობს, დიდი მადლობა ეკლესიის თითოეულ მსახურს, რომელიც ჰუმანიტარულ ტვირთს იცავს. უკრაინული არმია იცავს "სიჩუმის რეჟიმს" და აკეთებს ყველაფერს, რომ მარიუპოლელებმა მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები. რუსული მხარე ვალდებულია, დაიცვა "სიჩუმის რეჟიმი", წინააღმდეგ შემთხვევაში, ან რაზე, ან რა გარანტიებზე უნდა ვესაუბროთ რუსებს?!", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებზე გაამახვილა ყურადღება:
"უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ევროპასთან, პირველი - ეს არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მეორე, ასევე პრიორიტეტული, დამატებითი სანქციების საკითხია. ველოდებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, რომელიც იძულებულს გახდით, მშვიდობის დამყარებაზე იზრუნონ.
მოსკოვი უნდა მიხვდეს, რომ ამ ომს ვერ გადაიტანს. უკრაინელებო, დრო არის შევინარჩუნოთ და გავხდეთ კიდევ უფრო ეფექტურები, შევასრულოთ ჩვენი სამუშაო 100%-ით, დავიცვათ ჩვენი ახლო ადამიანები და გავცეთ ყველაფერი, რაც ჩვენს სამშობლოს თავდაცვისთვის სჭირდება, ჩვენი არმიისთვის, ჩვენი მცველებისთვის - ეს საერთო ეროვნული ომია, ეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა, არამხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ იმისთვის, რა იყო, რა არის და რა იქნება მთელს მსოფლიოში, დიდება უკრაინას!", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.