25 წლიანი პაუზის შემდეგ, ბელარუსში აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჩავიდა. მაიკ პომპეო ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა ბელარუსი ნავთობით მოამარაგოს და ეს იმ ფონზე, როდესაც მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაძაბულია და ისინი ნავთობით მომარაგებაზე ამ დრომდე არ შეთანხმებულან.
პომპეოს ისტორიულ ვიზიტს მინსკში, უკვე მოჰყვა გამოხმაურებები საქართველოში. ექსპერტულ წრეებში ამბობენ, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძალების გადანაწილება და რუსეთის ენერგოჰეგემონიის დასრულება. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვისაც მნშვნელოვანია, ვინაიდან სავარაუდოდ აშშ-ს ინტერესები შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო გაიზრდება, რისთვისაც საქართველო მზად უნდა იყოს:
"ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის რომ აშშ-ს ინტერესი შავი ზღვის რეგიონში და კერძოდ შავ ზღვაში, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ღრმაწყლოვანი პორტით იქნება თუ ჩვენი მზადყოფნით აშშ-ს ინტერესების გათვალისწინების მიმართ, რაღაცნაირად ჩავერთოთ ამ პროცესში" აცხადებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საქართველო ლიდერთა შორის" დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე.
"ეს ვიზიტი არის ცალსახად მიმართული ბელარუსის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და ჩვენ ეროვნულ ინტერესებშია, რომ ბელორუსი იყოს სუვერენული...თუ გადარჩება ბელორუსი და საფრთხე ძალიან დიდია ბელარუსის წინააღმდეგ რუსეთიდან მომდინარე, ეს კიდევ ერთი აგური იქნება, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის ანექსირების საშუალება არ მიეცეს რუსეთის ფედერაციას" აცხადებს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დირექტორის პაატა გაფრინდაშვილი.
"ეს არის სიგნალი, რომ მინსკი ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთთან ენერგოდამოკიდებულებას. ეს ასევე არის სიგნალი, რომ აშშ ცდილობს დაასრულოს რუსეთის ენერგოჰეგემონია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში და ჩრდილონაკადი 2-თან დაკავშირებით ტრამპის განცხადებები ამის მაგალითია. და როდესაც ვხედავთ, რომ ასეთი ტენდენციებია,ამ დროს სამწუხაროდ საქართველოს, რომელიც ადრე გათავისუფლდა რუსული ენერგომარწუხებისგან, ვხედავთ საწინააღმდეგო ტენდენციას, ყოველწლიურად უფრო მეტ რუსულ ენერგიას მოვიხმართ" განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ