პუტინის ომის მე-19 დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და მოხალისეების დღე მიულოცა. ზელენსკი ამბობს, რომ მტერმა უკვე დიდი ზარალი ნახა და ასეც უნდა გაგრძელდეს.
"დღეს უკრაინა ჩვენი ძვირფასი ადამიანების, ჩვენი მოხალისეების დღეს აღნიშნავს. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს ვინც უკრაინის სადარაჯოზე დგახართ. ეხმარებით ერთმანეთს და ჩვენი ქვეყნის მომავალს იცავთ. უკრაინა ჩვენთვის უბრალოდ მიწა არ არის, ეს ჩვენი სამშობლოა. ოკუპანტებისთვის კი ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ტერიტორიაა და აქედან გამომდინარე ჩვენ ისინი უნდა განვდევნოთ. მტერს სერიოზული ზიანი მივაყენეთ. ოკუპანტებმა უკვე აღარ იციან საბრძოლო რეზერვი სად ეძებონ ან როგორ შეავსონ. რუსეთი ამ ომისთვის ათწლეულები ემზადებოდა და ბოროტების ჩასადენად დიდი სამხედრო ინფრასტრუქტურა შექმნა. მისი მიზანია მეზობლების, უკრაინისა და ევროპის განადგურება. ეს დაუშვებელია. უნდა ვიბრძოლოთ, ბოლომდე!
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ვიდეოფორმატში შეხვედრა უკვე დაიწყო. მოლაპარკებების შედეგებს საღამოს აუცილებლად გაგაცნობთ.
რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებასა და ჩვენი ქალაქების დაბომბვას. თუმცა ჩვენ ყველა ქალაქში ყველა ქუჩას სათითაოდ აღვადგენთ. აღდგება ყველა უკრაინელის საცხოვრებელი სახლი. მაშინ როდესაც ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა, ის უნდა დავამარცხოთ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და არ დავნებდეთ. დავიცვათ ქალაქები, სოფლები და ჩვენი მიწის თითოეული სანტიმეტრი. ერთმანეთის დახმარება, მხარდაჭერა, ერთმანეთის დაცვა და ამასთან ჩვენი ქვეყნის დაცვა, ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთად - ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!" თქვა ზელენსკიმ.
იხილეთ ასევე: