მკურნალობა კვლავ არაადეკვატურია, რაც წამების ტოლფასია - მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ეს არის სრული თვითნებობა, რასაც ჩადის პენიტენციური სამსახური - ცენტრ "ემპათიაში" აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტი წამების მსხვერპლია, რადგან მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება.

ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევაზე და მოითხოვა საკუთარი ექიმების დაშვება სამედიცინო პროცედურის ჩატარების დროს, რაზეც მან უარი მიიღო. 

"მან უარი განაცხადა MRT-ს კვლევაზე იმიტომ, რომ მოითხოვა თავისი ექიმების დაშვება და ექსპერტების ცენტრი "ემპათიიდან" და ამაზე მიიღო უარი. შესაბამისად, მისთვის იყო გაუგებარი ვინ უტარებდა და რა გამოკვლევას უტარებდა. ეს არის სრული თვითნებობა, რასაც ჩადის პენიტენციური სამსახური და ეს ქმედებები გასულია კანონის ჩარჩოდან. მკურნალობა კვლავ არის არაადეკვატური, რაც არის წამების ტოლფასი ქმედება",- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ტყუილია, რომ პენიტენციური სამსახური იცავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მალულად გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. 

"მიხეილ სააკაშვილის უფლების დარღვევა გრძელდება მუდმივ და განგრძობით რეჟიმში, რაც შეიძლება, დასრულდეს ძალიან ცუდი და ფატალური შედეგითაც კი, ამიტომ საჩქაროა მისი გადაყვანა სასწრაფოდ სამკურნალოდ, მათ შორის თუ საჭირო გახდება საზღვარგარეთ. ტყუილია, რომ პენიტენციური სამსახური იცავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს. მასალების გადმოცემა მაინც მოუწევთ, მათ შორის შესაძლებელია სასამართლოს გზითაც, თუმცა საქმე ის არის, როდის მოხდება ამ მასალების გადმოცემა",- ამბობს შოთა თუთბერიძე. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დაწესებულებაში მალულად გადაყვანის შესახებ გახდა ცნობილი, პენიტენციური სამსახური იძულებული გახდა, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაევერცელებინა.

უწყება კატეგორიულად უარყოფს სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მესამე პრეზიდენტი 13 მარტს, სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ეზო ფაგო გასტროდუო დენოსკოპია და ელექტრო ნეირო მიოგრაფია ჩაუტარდა. პენიტენციურ სამსახურში ამტკიცებენ რომ სააკაშვილი ყველა საჭირო მედიკამენტით და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილია. პენიტენციურ სამსახურში ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა საჭირო მედიკამენტით და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი