რუსეთის პირველი არხის დაკავებული რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ყოფილი კოლეგა, იგორ რისკინი, ამბობს, რომ ის რაც მან პირდაპირ ეთერში გააკეთა მამაცი და სასოწარკვეთილი ადამიანის ქმედებაა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს საუკეთესო რამ იყო რაც "ვრემიას" არსებობის მანძილზე მომხდარა.
"ეს საოცრად მამაცი და ამავდროულად სასოწარკვეთილი ადამიანის ქმედებაა. ის უსამართლობა რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, მარინამ ამ ფორმით გააპროტესტა. მინდა რომ ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვეს, მსოფლიომ გაიგოს, რომ მარინა ახლა დიდი საფრთხის წინაშეა. თქვენ იცით, როგორი დრაკონული კანონი მიიღეს რუსეთში და ამის გათვალისწინებით მას 15 წლით პატიმრობა ემუქრება. მინდა, რომ მარინას ამბავი არავინ დაივიწყოს.
ჩემი აზრით, რუსეთში მასმედიის წარმომადგენლებს არ მოსწონთ რა პროპაგანდასაც ეწევიან, თუმცა იძულებულები არიან გაჩუმდნენ და დაემორჩილონ მთავრობის პოლიტიკას. ამ ფონზე კი მარინას საქციელი გმირობის ტოლფასია, მან დიდი აუდიტორიის წინაშე დაგმო პუტინის ქმედებები", - თქვა იგორ რისკინმა.
იგორ რისკინი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.
ცნობისთვის, ადვოკატები ამბობენ, რომ ჯერ ვერ იპოვეს რუსეთის პირველი არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პოლიციმ გუშინ დააკავა. ის პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში შევიდა ომის საწინააღმდეგო ბანერით.