"ისე რომ სცემენ და აწამებენ, ეგეთი შემთხვევა ტატუნაშვილის შემდეგ, არ გვქონია" - გომელაური ოკუპანტებზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, 10-დან 9 შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ, ე.წ. საზღვარს თავად მოქალაქეები კვეთენ.

​გარდა ამისა, მინისტრი ირწმუნება, რომ არჩილ ტატუნაშვილის შემდეგ, ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს ფიზიკურად არ გასწორებიან და არც არავინ უწამებიათ.

"მოქალაქეების დაკავება რომ ხდება, 10-დან 9 შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები ე.წ. ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ხვდებიან და მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან, ხან ნასვამია, ხან ის... იყო შემთხვევები, როდესაც მართლა ადამიანი თავის მიწაზე მუშაობდა, საზღვრის პირას ჰქონდა თავისი ნაკვეთი, ამუშავებდა და დაუკავებიათ, გადაუყვანიათ და გამოუშვიათ. ცოტა ხშირი შემთხვევაა, როდესაც გადადიან იქით, აკავებენ და გადმოგვცემენ ხოლმე, ხან ჯარიმასაც არ უწერენ, ხან არის ჯარიმა და ნუ, ისე რომ სცემენ და აწამებენ, ეგეთი შემთხვევა საწყალი ტატუნაშვილის შემდეგ, რაღაც ასეთი მძიმე თემა არ გვქონია", - თქვა ვახტანგ გომელაურმა. 

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი გმირი, არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა, 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ ის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა მოკლეს.

ამის შემდეგაც ოკუპანტებს არაერთი მოქალაქე ჰყავთ გატაცებული და ნაწამები. მაგალითისთვის, 2019 წლის 19 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან გენადი ბესტაევი გაიტაცეს და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბესტაევი ოკუპანტებმა ციხეში სასტიკად აწამეს. მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს. გენადი ბესტაევი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში თითქმის 3 თვის განმავლობაში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის 16 თებერვალს გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი