პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, დიპლომატებს შეხვდა.
აშშ-ს, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩებთან ერთად შეხვედრაზე ისაუბრეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე, რომლის განხილვასაც საქართველოს პარლამენტი 19 ივნისიდან დაიწყებს.
შეხვედრაზე პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნებისა და კენჭისყრის უსაფრთხოების წესების დაცვის თემებსაც შეეხნენ.
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ უნდა მომზადდეს კარგი საარჩევნო კამპანია და გარემო COVID 19-ის ეპიდემიის პირობებში.
აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ისინი გაეცნენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციებსაც, რომლებიც ამომრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული.
ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია COVID 19-ის კრიზისის პარალელურად კარგი საარჩევნო გარემოს მომზადება. სპეციალისტებისგან მოვისმინეთ, როგორ გეგმავენ ისინი პანდემიის პერიოდში ამომრჩევლების უსაფრთხოების დაცვას, - განაცხადა დეგნანმა.
შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა. გამყრელიძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში არჩევნების ჩატარება საფრთხეს არ წარმოადგენს.