შიდა ქართლში გამეფებული კრიმინალი და თაღლითობის მსხვერპლი ოჯახები სოფელ ფერმაში

გამოქვეყნდა:

სოფელ ფერმაში მცხოვრები, გულიოღლების ოჯახის საქონლის სადგომი ახალა ნაწილობრივ ცარიელია. 33 საქონელი ჯერ კიდევ გასულ წელს იმ იმედით გაასხვისეს, რომ თანხას მიიღებდნენ და ბანკიდან აღებულ სესხს დაფარავდნენ. როგორც ამბობენ, აღმოჩნდა, რომ თანასოფლელის თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. გულიოღლები 80 ათას ლარს, ამ დრომდე ვერ იბრუნებენ.

დაზარალებულებმა ჯემალოღლების ოჯახს თანხის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, პასუხად კი შეურაცხყოფა და მუქარა მიიღეს. ამბობენ, რომ დავით ჯემალოღლი შვილის ლიკვიდაციით დაემუქრა და 80 ათასი ლარის გადახდაზე კატეგორიული უარი უთხრა. სწორედ ამიტომ, დილარა გაჯიევი მდგომარეობიდან გამოვიდა და პროტესტის ნიშნად, ჯემალოღლების სახლთან სუიციდი სცადა.

გულიოღლების ოჯახი არ არის ერთადერთი, ვინც თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა. მხოლოდ სოფელ ფერმაში ათობით ოჯახია ამ მდგომარეობაში, თუმცა, დავით ჯემალოღლოს გავლენების გამო ყველას ეშინია და ღიად საუბარი უჭირთ. ჯემალოღლს, რომელიც "ქართული ოცნების" დროშასთან თავს იწონებს, სწორედ მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერად იცნობენ და არჩევნებზე, მის როლზე საუბრობენ.

ბრალდებების ადრესატს საცხოვრებელ სახლში "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა სახლში მიაკითხა.
თავად ადგილზე არ დაგვხდა. მამა კი ადასტურებს, რომ სოფლში ათობით ოჯახის ვალი ნამდვილად აქვთ და თანხა მილიონ ლარს აჭარბებს. ის უარყოფს, რომ მისი შვილი მხარს "ქართულ ოცნებას" ღიად უჭერს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის ლიდერი რეგიონში გამეფებულ კრიმინალზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჯემალოღლი მმართველი პარტია, პოლიცია და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები მფარველობს. ბადრი ბასიშვილი ეჭვობს, რომ ხალხის ფულს გარიგებულები ინაწილებენ და ფერმაში "ქართული ოცნების" სახე იმუნიტეტით სწორედ ამიტომ სარგებლობს.

დაზარალებული გულიოღლები საჩივრის შეტანას, არც პოლიციაში და არც სასამართლოში არ გეგმავენ. დარწმუნებულები არიან, რომ საკუთარ სიმართლეს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვერ დაამტკიცებენ. არც 80 ათას ლარს დაბრუნების იმედი აქვთ, რომელიც ბანკიდან სესხად აქვთ აღებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი