
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს დღეს, 21 მარტს მიუსამძიმრა. მანამდე პრემიერს ან მთავრობას სამძიმრის წერილი არ გამოუქვეყნებია. 3 დაღუპულ ქართველს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მათ გადმოსასვენებლად.
"მე აქვე მინდა რა თქმა უნდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს, ისინი იბრძოდნენ ჩემი ინფორმაციით ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი, ასევე, აგვისტოს ომში. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში, დაბრუნება და რა თქმა უნდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინაში რუსულ აგრესიას სამი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა - დავით რატიანი, გიორგი ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა. რატიანსა და ბერიაშვილს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ. შესაბამისი პროცედურა უკვე დაწყებულია, თუმცა ზუსტი დრო გაურკვეველია. უკრაინის ტერიტორიაზე გამშვები პუნქტების გავლის შემდეგ ცხედრებს პოლონეთში გადაასვენებენ. პოლონეთიდან კი პირდაპირი რეისით საქართველოში.ჯერჯერობით უცნობია ბახბა ჩიქობავას გადმოსვენების საკითხი. ცხედარი ჯერ ისევ მარიუპოლშია.