ანა დოლიძის ორმაგი თამაში ორმაგ სტანდარტში გადაიზარდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საჯაროდ ადასტურებს, რომ პოლიტიკაში მიდის, მაგრამ არც მართლმსაჯულების სისტემას ტოვებს. ამ გადაწყვეტილების გამო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ აქტივისტს მისი ძველი თანამებრძოლები დაუპირისპირდნენ.
ნაზი ჯანეზაშვილი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად მოითხოვს, რომ დოლიძემ დატოვოს იუსტიციის საბჭო. ჯანეზაშვილი მხარს უჭერს სამოქალაქო სექტორის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა მის საბჭოში მოღვაწეობასთან შეუთავსებელია და ჯანეზაშვილმა დოლიძეს მისი პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წყაროს დასახელებაც მოსთხოვა. მისი განმარტებით, გასარკვევია, თუ საიდან აქვს დაფინანსება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომელიც თვითონ დააფუძნა და რომლის ფინანსებსაც თავადვე განკარგავს.
ახალბედა პოლიტიკოსი ძველ პრინციპებზე უარს ამბობს, ძველ მეგობრებს უპირისპირდება და ახალ თანამებრძოლებთან ერთად ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. დღეს, ანა დოლიძემ ოფიციალურად გააკეთა განცხადება, პოლიტიკური საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით და ის თავის ახალ თანაგუნდელებთან ერთად პოლიტიკურ გაერთიანებასთან "ლელო საქართვბელოსთვის" ითანამშრომლებს.
გახდება თუ არა ანა დოლიძის პოლიტიკაში წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების მიზეზი, ამაზე დოლიძეს არ უსაუბრია - მხოლოდ კრიტიკაზე ბრალდებებით შემოიფარგლა და დიდი ხნის თანამებრძოლი "ქართული ოცნების" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ანა დოლიძე კანონკარღვევად არ მიიჩნევს, ერთდროულად პოლიტიკურ საქმიანობასა და მართლმსაჯულების სისტემაში ყოფნას.