ბიზნეს ლიდერებთან კვარტალურ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა ემზადება მასშტაბური კიბერშეტევისთვის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. მან გააფრთხილა დიდი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, რომ გააძლიერონ კიბერუსაფრთხოება უახლოეს დღეებში და დაიცვან საკუთარი ინფრასტრუქტურა.
სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა დაადასტურა რუსეთის მიერ, ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენების ფაქტი.
"თუ შეამჩნიეთ, რუსეთმა ახლახან გაუშვა ჰიპერბგერითი რაკეტა, რადგან ეს არის ის ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მათ ახლა შეუძლიათ. როგორც ყველამ იცით, ეს არის ეფექტური იარაღი, ისეთივე ქობინით, როგორც ნებისმიერი სხვა გამშვები რაკეტა, სხვა რაკეტებისგან ის იმით განსხვავდება, რომ მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია. არსებობს მიზეზი, რატომაც იყენებენ ისინი ამას", - თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა გაიმეორა გაფრთხილება, რომ რუსეთი სავარაუდოდ ჩაატარებს ე.წ. ცრუ დროშის ოპერაციებს, მათ შორის არ გამორიცხა უკრაინაში ქიმიური იარაღის შეტევის შესაძლებლობა. ბაიდენის თქმით, როცა რუსეთი იწყებს საუბარს რომ ნატო, უკრაინა ან აშშ აპირებს რაღაც გააკეთოს, ეს ნიშნავს, რომ იგივეს გასაკეთებლად თვითონ ემზდება და "ეს ხუმრობად არ უნდა მივიღოთ".