სანქციებით დაზარალებულებს სურთ პუტინის შეჩერება - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, რუსი და ყაზახი ოლიგარქების შეხვედრაზე ავრცელებს ინფორმაციას. ინფორმაციის მიხედვით, რუსი პიტერ ავენი და ყაზახი მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩის შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.
შეხვედრისას ავენმა აღნიშნა, რომ რუსი ოლიგარქები უკიდურესად გაღიზიანებული არიან პუტინის პოლიტიკით და რომ უკრაინაში ომის გამო დაწესებულმა სანქციებმა, მძიმე დარტყმა მიაყენა მათ.
რუსული მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ახლა ეძებენ გზებს, რათა გავლენა მოახდინონ დიქტატორზე, ან მის ახლო წრეზე, მაგრამ ამას ართულებს ის, რომ პუტინი მკაცრ იზოლაციაშია და პრაქტიკულად არავის უშვებს თავისთან და უპირველეს ყოვლისა სწორედ ოლიგარქებს, რომლებსაც ის არ ენდობა.
მსხვილი რუსული ბიზნესი მზად არის რადიკალური ნაბიჯებისთვის და პუტინის გადაყენებასაც განიხილავს - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ანტონ გერაშენკოს ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა. მარტის დასაწყისში ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბოლო პაკეტი შეეხებოდა 160 რუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსს.