
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ნატო-სთან და პარტნიორებთან ღირებულებითი ერთობა აკავშირებს. ამ თემაზე მან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ისაუბრა.
ღონისძიებას პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, ელჩები და სამხედროები ესწრებოდნენ.
"საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებით და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით. ევროკავშირში განაცხადიც სწორედ ამ საერთო ღირებულებითი და კულტურული იდენტობისკენ მისწრაფების გამოხატულებაა.
მინდა, კიდევ ერთხელ, სწავლებაში მონაწილე ყველა პირს გადაგიხადოთ მადლობა, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რომელიც არის გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, მთელი რეგიონისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს", - თქვა ღარიბაშვილმა.
ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლება საქართველოში მესამედ ტარდება. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს ავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.