მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებულია. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობის ყველა არგუმენტი უარყო, ხოლო სააკაშვილის ყველა არგუმენტი გაიზიარა და საქმის არსებით განხილვას შეუდგა.
განხილვა მიმდინარეობს ორ ეპიზოდზე: ე.წ. "ვალერი გელაშვილის საქმე", სადაც გამამტყუნებელი განაჩენი ქართულმა სასამართლომ ისე გამოიტანა, რომ საქმეში სააკაშვილის წინააღმდეგ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, და ე.წ. "შეწყალების საქმე", სადაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციის ბოროტად გამოყენების გამო გასამართლდა, რასაც არცერთი პრეცენდენტი არ გააჩნია მთელ მსოფლიოში, რაც სამართლებრივი აბსურდია და თეორიულადაც კი შეუძლებელია.
"ქართული ოცნება" ახლა აცხადებს, რომ ევროპელ მოსამართლეებს ქართული სასამართლოს სამართლიანობაში დაარწმუნებს. პრეზიდენტის უფლებადამცველები კი მიიჩნევენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევისა და პოლიტიკური დევნის ფაქტები იმდენად დასაბუთებული და ცხადია, რომ საქმის არსებით სტადიაზე გადასვლა უკვე უდიდესი გამარჯვებაა და ქართული საზოგადოება საბოლოო გამარჯვებამდე დარჩენილი ბოლო ნაბიჯის მომსწრე მალე გახდება.