
"ქართველი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი და მისი მეგობრები უკრაინაში, "საერთო მტრის დასამხობად" წავიდნენ" - ამ სათაურით ესპანური გამოცემა სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, თუმცა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ათასობით უცხოელი იბრძვის, მათ შორის აშშ-დან, საქართველოდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან.
"მე არ შემიძლია სახლში ვიჯდე და ვუყურო, როგორ ანადგურებენ 21-ე საუკუნის ბარბაროსები, რუსები, უკრაინელებს, კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებსა და ახალგაზრდებს. არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურებდე ამას ტელეგრამზე ან ტელევიზორში... უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ბარბაროსები შევაჩეროთ",-თქვა ელისაშვილმა.
ელისაშვილმა გამოცემასთან თქვა, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო მტერი ჰყავს, რადგან ვლადიმერ პუტინს საქართველოს ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებული აქვს, ახლა კი ისინი ბომბავენ უკრაინას. "სწორედ ამიტომ ჩვენ ისინი იარაღით უნდა შევაჩეროთ",-თქვა ელისაშვილმა.