
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის აზრით, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან "რაღაცას გამოასწრო". მისი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა "აღიარა" ან "წამოცდა", რომ საქართველოში იმიტომ დაბრუნდა, რომ იცოდა "მომენტი დგებოდა":
"მიხეილ სააკაშვილი არის არაადეკვატური, არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილთან რაიმე თანხმობაზე საუბარი, მის სულელურ გამონათქვამებზე, საუბარი სერიოზულად არ შეიძლება, წარმოუდგენელია და სასოწარკვეთილებაში მყოფი ნაცმოძრაობა, ომის პარტია, მეხუთე კოლონა თუ მისი ლიდერი რას ილაპარაკებს, ამაზე მსჯელობაც კი ცოტა უხერხულია, როგორც ჩვენი, ასევე, თქვენი მხრიდან.
ერთადერთი რაც შეიძლება მხედველობაში მიიღო, მისი აღიარება, წამოცდენა, ქვეცნობიერიდან წამოსული მისივე სიტყვები, რომ ის გრძნობდა თუ იცოდა, რომ ეს მომენტი თუ დრო დგეობდა და ეს დროც დადგა. რა იცოდა ეს კითხვა დაგისვიათ?! მოგფიქრებიათ ვინმეს?! რა იცოდა სააკაშვილმა, რას "გრძნობდა" რომ ომს იწყებდა რუსეთი უკრაინაში და ღია აგრესიას? ამას გრძნობდა, ეს იცოდა და ამიტომ ჩამოვიდა? ფაქტია რაღაცას გამოასწრო", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ეროვნული თანხმობის მთავრობა უნდა ჰყავდეს, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს:
"უნდა ოლიგარქს ჩავუჭრათ ეს საცეცები, ეროვნული თანხმობის მთავრობამ, რომელიც არ აპირებს არავისზე შურისძიებას, რომელშიც შევლენ სხვათა შორის "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, რომელიც მოახერხებს მშვიდად, წყნარად, ახალი არჩევნების ჩატარებას, შემდეგ საქართველო უკრაინასთან ერთად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობიანად და ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები. ახლა არის გადამწყვეტი წელიწადი და თვეები ჩვენი ისტორიის, ახლა უკან დახევა არ შეიძლება, მე აქ ამიტომ ჩამოვედი, რომ ვგრძნობდი რომ ეს მომენტი დგებოდა, და ეს მომენტი დადგა, და ახლა უკან დახევას ნამდვილად აღარ ვაპირებ", - თქვა სააკაშვილმა.
დღეს იგივე აზრი გამოთქვა "ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმაც, რომლის აზრითაც, მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ ზუსტად იცოდა თუ რა მოხდებოდა უკრაინაში.