
ეს ადამიანი არის სუს- ის ხელმძღვანელი და თუ ხაბეიშვილის განცხადებებზე ფსიქიკური აშლილობა ეწყება, ცხადია ამ ადამიანს თანამდებობაზე არაფერი ესაქმება - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე.
საქალაქო სასამართლო მთავარი არხის, ფორმულას და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სუს-ის უფროსი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, ქოლ-ცენტრების მფარველობის შესახებ, ცილისწამებად აფასებს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ლილუაშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული სასამართლო დავა უნდა შეწყდეს, რადგან ლილუაშვილი მხილებულია ტრანსნაციონალურ დანაშაულში, ასევე პირადად არის ჩართული უკანანო მიყურადებაში და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.
"მთავარი არხის" იურისტის შეფასებით, ტელეკომპანიების წინააღმდეგ დაწყებული საქმე კიდევ ერთი დასტურია, რომ მედიაზე ზეწოლა გრძელდება. თამთა მურადაშვილის შუამდგომლობა სასამართლოზე იქნება, მთავარი არხის პროდიუსერის მიწვევა და გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში უწევთ კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის მოპოვება და მათთან ურთიერთობა.
"ეს მასალები მომზადებული იყო პოლიტიკური დებატების ფარგლებში. მოსარჩელე ფაქტობრივ გარემოებებზე როდესაც დავობს, იქ მთავარ არხს საერთოდ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, გვედავება წყაროების და რესპონდენტების განცხადებებზე. ეს საქმე არის პოლიტიკური შინაარსის. ეს სიუჟეტებიც რაც გაკეთდა იყო პოლიტიკურ ჭრილში გაკეთებული. საუბარი იყო ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, თუმცა ქართული ოცნება რა თქმა უნდა ლილუაშვილს არ დაუწყებს დევნას, მათი წევრია. აქ არ იკვეთება არანაირი ცილისწამების ნიშნების." განაცხადა სასამართლოზე "მთავარი არხის" იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.