ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია და მესამე პრეზიდენტის საქმით მანიპულირება - მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს სტრასბურგის გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება საერთაშორისო სასამართლომ მიერ მიხეილ სააკაშვილის იმ საჩივრის ამორიცხვას განსახილველ საქმეთა სიიდან, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებს ეხებოდა.
იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, "ევროპულმა სასამართლომ მესამე პრეზიდენტის საქმესთან მიმართებით დაადგინა, რომ არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის საჩივრის განხილვას“.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ სამინისტროს საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხს, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ დეკემბერში მივმართეთ სასამართლოს და ჩვენი მოთხოვნის, ჩვენი პოზიციის შესაბამისად, დასრულდა საქმის წარმოება ამ საკითხზე. ეს ირკვევა თავად იუსტიციის მიერ გამოქვეყნებულ სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტში, სადაც საფუძვლად მითითებული კონვენციის 37-ე მუხლი, რაც ზუსტად ითვალისწინებს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, საქმის წარმოების დასრულებას. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, ეს ისტორია წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები არის დაცული, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილმა რაიმე წააგო სტრასბურგში და მთავრობამ გაიმარჯვა, არის ურცხვი ტყუილი. არ ვიცი როგორ არ რცხვენიათ, რომ მათი არასწორი განცხადებები ხდება იაფფასიანი პროპაგანდის საფუძველი", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
დაცვის მხარე სტრასბურგის გადაწყვეტილებით მანიპულირების გამო, აპირებს, ევროსასამართლოს მიმართოს.
ამავე თემაზე: