საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს EU-ს კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად - კრამონი

გამოქვეყნდა:

"ვერ ვხედავ რაიმე უტყუარ მტკიცებულებას, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა სარწმუნო განაცხადი ჰქონდეს" - ასე აფასებს ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

ამ თემაზე მან "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში უსაბრა. კითხვას, არიან თუ არა საქართველო და უკრაინას ამ პროცესში ერთ დონეზე და რა გავლენას ახდენს საქართველოს შანსებზე უკრაინასთან გართულებული დიპლომატიური ურთიერთობები, პოლიტიკოსი პასუხობს:

"ამჟამად მე ვერ ვხედავ რაიმე უტყუარ მტკიცებულებას, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა სარწმუნო განაცხადი ჰქონდეს, ჩვენ წევრობაზე არ ვსაუბრობთ. როგორც ვთქვი, ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ძალიან პრო-ევროპულები.

ჩვენ ვხედავთ ასი ათასობით მოქალაქეს უკრაინის მხარდასაჭერ აქციებზე, ქართველები ფულს რიცხავენ უკრაინაში. ასევე, მოხალისე მებრძოლებად მიდიან უკრაინის დასაცავად. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რა სჭირდება ახლა უკრაინას – სოლიდარობა, ფული, ხალხი, ყველაფერი, მაგრამ საქართველოს მთავრობის მხრიდან, მათ შორის რეფორმების განხორციელების კუთხით, ასევე იმ რეფორმების კუთხით, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებითაა განსაზღვრული, [სიახლე] არაფერია.

ეს ძალიან  დიდი იმედის გაცრუებაა.

ერთი მხრივ საქართველოს ჰყავს აქტიური, ევროპული სამოქალაქო საზოგადოება, მეორე მხრივ კი მთავრობა, რომელიც აბსოლუტურად იმის საწინააღმდეგოს აკეთებს, რაც ხალხს სურს. ეს ერთგვარი დილემაა".

 

მისი განცხადებით, შანსების გასაზრდელად საჭიროა შესრულდეს - ასოცირების შეთანხმება, შარლ მიშელის შეთანხმება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, საარჩევნო კანონმდებლობა, პარლამენტში ოპოზიციური პარტიების უფლებების გაზრდა.

"რაც შეეხება მოლოდინებს, ეს ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, საქართველოში არასწორი მოლოდინებია. მე ვერ ვხედავ დიდ სურვილს ევროკავშირის მხრიდან მიანიჭოს [საქართველოს კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი], იმ დროს როდესაც საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს", - თქვა მან. 

კითხვას, რუსეთისგან მომავალი ხილული საფრთხეების გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია განაცხადების დაჩქარებული წესით განხილვა, ან თუნდა პროცედურების შემჭიდროებულ დროში ჩატარება, კრამონი პასუხობს, რომ თუ რეფორმები დაიწყება - კი, მაგრამ თუ არა, მაშინ ასეთ შესაძლებლობას ვერ ხედავს -"ნებისმიერი და ყველა პროცესი პირობებზეა დამყარებული".

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ხელთაა, დაამტკიცონ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას სერიოზულად განიხილავენ და არა უბრალოდ საჯაროობისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი