
რუსეთს არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე სიტყვის თავისუფლებაა.
ალ-კაიდას ლიდერს, აიმან აზ-ზავაჰირისა და ვლადიმერ პუტინს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ერთი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერია, მეორე კი, ტერორისტული სახელმწიფოსი.
ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობისას მოკლულ ჟურნალისტთა რიცხვი 50 სცდება. პუტინი ვერ იტანს, როდესაც პირდაპირ და მოურიდებლად ეუბნებიან იმას, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს. ანა პოლიტკოვსკაია, სერგეი სკრიპალი, ზელიმხან ხანგოშვილი, ბორის ნემცოვი, ალექსანდრე ლიტვინენკო, ეს იმ პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა უმცირესი ჩამონათვალია, რომლებიც პუტინის და მისი მარჯვენა ხელისა და ე.წ სიკვდილის რაზმის მეთაურის, რამზან კადიროვის რეჟიმს ემსხვერპლნენ. პუტინის თამაშის წესები ასეთია: საკმარისია, ბოდიში მოიხადო მისი ლანძღვის გამო და მერე უკვე აღარავინ გერჩის.
გიორგი გაბუნიამ ამ წესებით თამაშზე უარი თქვა, ბოდიშის მოხდას არ აპირებს, რადგან საბოდიშო ნამდვილად არაფერი აქვს. ხოლო რამზან კადიროვის გამოგზავნილი სიკვდილის მუქარა კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ რაც გაბუნიამ იმ ცნობილ ეთერში თქვა, აბსოლუტური სიმართლეა.
დღეს ერთადერთი, რაც ყველა ჩვენგანს მართებს, სოლიდარობაა. სოლიდარობა გიორგი გაბუნიასა და რუსეთიდან გაქცეული დისიდენტი ჟურნალისტებისადმი, რომლებიც ყოველდღე უყურებენ სიკვდილს თვალებში და არ ეშინიათ.
თანამედროვე კინო-პროტაგონისტებიდან ალბათ, არავინ ჰგავს ისე პუტინს, როგორც „ჰარი პოტერიდან“ ლორდი ვოლდემორი. სიუჟეტის მიხედვით, ის სამყაროს უმთავრესი ბოროტი გმირია, რომელიც ხშირად იმეორებს, რომ „ვერ იცოცხლებს ერთი, სანამ იქნება მეორე“, ანუ ვერ იცოცხლებს ვოლდემორი, თუ ცოცხალი იქნება ჰარი პოტერი. ჰარის კი, გაბედულებისა და სიმამაცის გამო, ვერასოდეს დაამარცხებს.
ავტორები: ბექა ყორშია და გიორგი რუსია