შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ცნობილი ხდება, რომ სანქციები უწესდება რუსეთის უმსხვილეს ფინანსური ინსტიტუტს, სერბანკსა და რუსეთის უმსხვილეს კერძო ბანკს, ალფა ბანკს. ასევე, რუსეთში აიკრძალება ახალი ინვესტიციები.
„დღეს ჩვენ დრამატულად ვაძლიერებთ ფინანსურ შოკს რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე, სბერბანკსა და მის უმსხვილეს კერძო ბანკზე - ალფა ბანკზე სრული ბლოკირების სანქციების დაწესებით“, - თქვა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.
"სბერბანკი ფლობს რუსეთის მთლიანი საბანკო სექტორის აქტივების თითქმის მესამედს", აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ აშშ-მ ახალი სანქციებით სრულად დაბლოკა „რუსული საბანკო სექტორის ორ მესამედზე მეტი“.
მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ „დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით, შეერთებული შტატები სრულად კრძალავს რუსეთში ახალ ინვესტიციებს".
ადმინისტრაცია ასევე აწესებს სრულ ბლოკირებულ სანქციებს რუსული ელიტისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის პუტინის შვილების, მარია პუტინას და კატერინა ტიხონოვას, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის მეუღლისა და შვილის წინააღმდეგ. სანქიცების სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერი, რუსეთის პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი და დიმიტრი მედვედევი.
"შეერთებულმა შტატებმა უკვე დაუწესა სანქციები 140-ზე მეტ ოლიგარქს და მათი ოჯახის წევრებს და რუსეთის მთავრობის 400-ზე მეტ წარმომადგენელს", - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
აშშ ასევე გამოიყენებს სრულ ბლოკირებულ სანქციებს რუსეთის მნიშვნელოვან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებზე, რასაც ფინანსთა დეპარტამენტი ხუთშაბათს გამოაცხადებს.
მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ მიღებულ ამკრძალავ ზომებს რუსეთის ეკონომიკაზე გამანადგურებელი ეფექტი ექნება.