
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი უკრაინაში "გვამების შემოდებასთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავს იმართლებს და ბოდიშს იხდის.
6 აპრილს მან თქვა - "კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად ალბათ უკრაინაში".
ოხანაშვილი წერს, რომ ბოდიშს უხდის მათ, ვინ ეს გამონათქვამი ბუჩას დანაშაულს დაუკავშირა, მაგრამ არა "ნაციონალურ მოძრაობას".
"გუშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა.
სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ.
თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო!
თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.
როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა.
რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი!" - წერს ოხანაშავილი.
ამავე განცხადებასთან დაკავშირებით გუშინ დეპუტატმა მედია და ენმ ცილისმწამებლურ კამპანიაში დაადანაშაულა.