10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი - რატომ ზრდის ხელისუფლება კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად. "მთავარმა" აღმოაჩინა, რომ ასეთი ფაქტი ბევრია და ამაზე თითქმის ყველა რეგიონში საუბრობენ. განსაკუთრებით იქ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება განსაკუთრებით მძიმე იყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ანაზღაურების სანაცვლოდ დიაგნოზის შეცვლას და გარდაცვალების მიზეზად კოვიდ 19-ის ჩაწერას სთავაზობენ. სოციალურ ქსელებში ამ ამბავთან დაკავშირებთ მრავალი ადამიანი წერს, რომ მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ბევრია.
მარნეულში მცხოვრები ადამიანები ყვებიან, რომ მათ, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ ოფიციალური გარდაცვალების დოკუმენტში ჩაეწერათ კოვიდ 19, რეალური მიზეზის ნაცვლად, კონკრეტული თანხები მიიღეს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ "ოცნების" მხრიდან გასაკვირი არაფერია და მოახლოებული არჩევნების პირობებში, ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შედეგად, ხელისუფლებას ექნება საშუალება ჩაკეტოს რომელიმე სოფელი და ასეთ ადგილებში არჩევნები გააყალბონ.
ის, რასაც თქვენ ახლა იკვლევთ და რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, როგორც ჩანს, არის ერთერთი მცდელობა "ქართული ოცნებისა", რომ ხელოვნურად შეამზადოს ნიადაგი იმისთვის, რომ თუ საჭიროდ ჩათვალეს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა, მანიპულირება მოახდინონ არჩევნების პარალელურად შეზღუდვებთან დაკავშირებით, ან არჩევნების ვადის გადაადგილების მიმართულებით, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა.
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ გარკვეული სტატისტიკის გაყალბებით, საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთ რეგიონში საგანგებო სიტუაციაც გამოაცხადოს.
დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შეხვდეს ასეთ ოჯახებს და თუ მართლაც დაინახავს რიამე დარღვევებს, კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებისთვის.
მზად ვართ შევხვდეთ ყველა ოჯახს, სადაც დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა. შეუძლებელია და სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც ხდება სამედიცინო ისტორიის გაყალბება, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, - აცხადებს მარიამ ჯაში.
მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "მთავარი არხის" მიერ გაყალბებული ინფორმაციაა, მიუხედავად იმისა, რომ არხს კონკრეტული რესპოდენტები ყავდა. დაიწყება თუ არა გამოძიება ამ საკითხზე, ჯერჯერობით უცნობია.