
რუსეთის ომის შესაჩერებლად საერთაშორისო სანქციებზე მიერთების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა. როგორც მან qartli.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, სწორედ ეს აკრძალვები აიძულებს ვლადიმერ პუტინს, შეაჩეროს მის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში.
ამასთან, დეგნანი მიესალმა მთავრობის პოზიციას გაეროს, ეუთოსა და სხვა პლატფორმებზე. მისი შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არაჩვეულებრივად წარმოადგინა ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.
"საერთაშორისო პლატფორმაზე და მართლაც ის უპრეცედენტო დახმარება, რაც საქართველოდან წავიდა, იქნებოდა ეს სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან თუ კერძო ინიციატივებით, იყო ძალიან მძლავრი და მნიშნელოვანი ნიშანი უკრაინელებისთვის იმისა, რომ ქართველები უკრაინელი დებისა და ძმების გვერდით დგანან და უჩვენებენ მხარდაჭერას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სანქციების შესაბამისობაში ყოფნა, იმიტომ, რომ სანქციები ეს არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რაც აიძულებს პუტინს, რუსეთს, რომ შეაჩეროს ეს ომი. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ სანქციების უკან, რათა ეს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი მექანიზმი ამ ომის შესაჩერებლად. ეს ყველა ჩვენგანს გვინდა", - თქვა დეგნანმა.
ელჩს კითხვა ულტრა მემარჯვენე მოძრაობაზეც დაუსვეს, რაზეც დეგნანმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულები არიან, რადგან ეს ჯგუფები ძალადობისკენ მოწოდებებს აკეთებენ და რუსეთს უჭერენ მხარს.
"რაც შეეხება ულტრამემარჯვენე მოძრაობას, რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებული ვართ ამასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ეს არის ჯგუფები, რომლებიც უბიძგებენ და მოუწოდებენ ძალადობისკენ; ესენი არიან ისინი, ვისაც სურთ რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში, მაშინ როდესაც ძალიან ბევრია რუსული სამხედრო ბაზა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. და ეს არის ხალხი, რომელიც ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას; ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას იმისათვის, რომ შეიტანოს დაბნეულობა და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საშიში საქართველოსთვის", - თქვა დეგნანმა.
მისივე თქმით, ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის წინააღმდეგობა ოფისების გახსნასთან დაკავშირებით, კარგდ წარმოაჩენს საზოგადოების დამოკიდებულებას - "ხალხის სურვილია, ცხოვრობდნენ დემოკრატიულ საზოდოგაეობაში, ემსახურებოდნენ იმ საერთო ღირებულებებს, რაც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ წყობას, ეს გახლავთ სიყვარული თავისუფლებისადმი; ოჯახის და ტრადიციების მიმართ რწმენა".