
"რეალურად ვთქვათ, საქართველოს რომ რაღაცას სთხოვენ, ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით და მხარში დავუდგებით უკრაინას, მაგრამ ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს", - თქვა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ხირსის მამათა მონასტერში ქადაგებისას.
მისივე თქმით, "როცა ბოდიშია მოსახდელი, ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ".
"ადამიანები ვართ და ხშირად შეიძლება შეგვეშალოს, ხშირად შეიძლება სულმოკლეები ვიყოთ, ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება გვინდოდეს, მაგრამ როცა ბოდიშია მოსახდელი, როცა შენდობაა სათხოვნელი, ქრისტიანები ვართ და ერთმანეთს შენდობაც უნდა ვთხოვოთ. როგორ შეიძლება, ხალხს უჭირს და იქ არ ვიდგეთ, მაგრამ რატომ უნდა ფიქრობდნენ, რომ ქართველების ბრალია, რაც დაემართათ, ეს ხომ იდიოტობაა და იდიოტები აკეთებენ მაგას. ეს ხომ მტრობაა, ჩვენ ხომ ცივილიზებული ხალხი ვართ ქართველები. ჩვენი მტერიც გვიყვარს, პირადი მტრებიც კი, როდის იყო საომარი, რომ არ გვეომა...", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მანვე ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:
"ქართველი ყოველთვის დგებოდა სიმართლის მხარეს და იქ, სადაც იყო ღმერთი და ცოტა ზედმეტ ლაპარაკს ჩვენ ერზე შევეშვათ და შიგნითაც იცოდნენ იმათ, რომ უნდა გავერთიანდეთ. არ შეიძლება ერთმა მხარემ მეორეს აგინოს, მეორეს მესამეს და ასე ერთმანეთს ვაგინოთ. როდესაც დამთავრდება ომი, ჩვენი საქართველო უნდა გავაძლიეროთ და ცივილიზებული მსოფლიოს ძლიერი ნაწილი უნდა ვიყოთ. კულტურული ერი ვართ, ისე ვიყოთ, რომ ჩვენი ღირსეული ადგილი ყოველთვის გვქონდეს. რა გახდა ერთი შერიგება? როგორ დავუჯერო იმ ადამიანებს, უკრაინაზე ან რუსეთზე უფრო მეტს ფიქრობდეს, ვიდრე საქართველოზე. ჯერ საქართველო და მერე სხვა ქვეყნები", - თქვა მეუფე იაკობმა.
სასულიერო პირი სავარაუდოდ, უკრაინის დაზვერვის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსები ქმნიან არხებს კონტრაბანდისთვის, საქართველოს გავლით.
უკრაინული მხარის ამ განცხადებას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცილისმწამებლური და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა: "ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან. გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნება წარმოდგენილი, და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო".