საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო უკრაინაში ომს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასოცირებულ ტრიოსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ასევე ეროვნული თანხმობის პროცესს.
"როგორც აქამდე, პირადად განვაგრძობ აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე", - აღნიშნა შეხვედრაზე პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპული დელეგაციის ხელმძღვანელმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ "საქართველო ნამდვილად ევროპული ქვეყანაა". ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალის გამოყენებაზე უარის თქმა საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა.
"ჩვენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპულ და არა ომის პერსპექტივას ვთავაზობთ", - თქვა ზურაბიშვილმა.
ევროპარლამენტის დელეგაცია უკვე პარლამენტშია, სადაც "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრებს შეხვდება.