"ადამიანს ადამიანურად უნდა მოეპყრო, როცა ეპატიჟები" - ქადაგიშვილის აზრით, უკრაინა "ნიშნისმოგებით" გველაპარაკება

გამოქვეყნდა:

ალბათ, მეგობრობის წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებს უკრაინულ მხარეს- აცხადებს "ოცნების" დეპუტატი ქადაგიშვილი, რომელიც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის წერილს ეხმაურება. ქადაგიშვილი ომში მყოფ ქვეყანას ისევ უმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მის მიმართ მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფორუმზე გამოხატა.

ალბათ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეშვან იმ რიტორიკას, რაც დამაზიანებელია და ხელს უშლის იმას, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს - ამბობს ქადაგიშვილი უკრაინაზე.

რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, მისივე მტკიცებით,  "არსად ჩასვლის პრობლემა არ გააჩნიათ". ქადაგიშვილი უკრაინას "პროვოკაციული განცხადებების" გაკეთებაში ადანაშაულებს:

"რაც შეეხება ჩასვლა-არ ჩასვლას, ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არ გაგვაჩნია. საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომ როცა პროვოკაციული განცხადებებით გეხმაურებიან, ხანდახან შეურაცხმყოფელია ასეთი ფორმით ურთიერთობის დროს ჩასვლა, მითუმეტეს სახელმწიფო პირველი პირების. საქართველო უკრაინას ძალიან მყარ მხარდაჭერას უცხადებს. შიდა პოლიტიკური კინკლაობის მაგალითია - ჩამოხვალ თუ არ ჩამოხვალ, გეშინია - არ გეშინია. ასეთი სახის კინკლაობა ცოტა ამაზრზენ ხასიათს იძენს. ჩასვლის პრობლემა არავის აქვს. უბრალოდ, ადამიანს ადამიანურად უნდა მოეპყრო, როცა ეპატიჟები და დაპატიჟების წინ მომაკვდინებელი, უარგუმენტო ცოდვები არ უნდა დააბრალო. უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არც მე და არც სხვა წარმომადგენელს არ გვაქვს, ალბათ, ამასთან დაკავშირებით სხვა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ჩასვლა ადრე თუ გვიან მოხდება, მაგრამ უკრაინის მხარემ არსებული ფონი უნდა მოხსნას. არ შეიძლება, სულ ნიშნის მოგებით გველაპარაკებოდნენ. იმის გამო, რომ აქ ომი არ მიმდინარეობს, ეს ვინმესთვის გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს არც შიდა და არც გარე წრისათვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"მიზანშეწონილია, უწოდო უადგილო მიწვევა, რომ ჩახვიდე მეგობარ ქვეყანაში? მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა გააკეთოს..." - ასე უპასუხა რუსლან სტეფანჩუკმა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა და ფაქტობრივად, ბოდიშის მოხდა მოითხოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი