"მიზანშეწონილია, უწოდო უადგილო მიწვევა, რომ ჩახვიდე მეგობარ ქვეყანაში? მეგობარმა ეს მოწვევის გარეშეც უნდა გააკეთოს..." - ასე პასუხობს უკრაინის რადას თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს:
"უადგილო - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბუჩასა და ირპენის მოსანახულებლად ჩემს მიერ გაგზავნილი მოწვევა.
ის მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჩამოსვლა არ შეუძლია მანამ, სანამ უკეაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები ბოლომდე არ აღიარებენ იმძლიერ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო უკრაინის მისამართით გამოხატავს. ძლიერი მხარდაჭერის მაგალითად კი საქართველოს მიერ გაეროში უკრაინის ხმის მიცემა მოიყვანა.
კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც სხვა ქვეყნები უკრაინისთვის ასეთ მძიმე მომენტში გამოხატავენ. ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ სანქციების გაძლიერებას, ასევე სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას. არიან ქვეყნები, რომლებიც ყველა მიმართულებით გვეხმარებიან, ასევე არიან ქვეყნები, რომლებიც გვეხმარებიან ცალკეულ საკითხებში.
ვაფასებთ და ყოველთვის ვაფასებდით მოძმე ქართველი ერის მხარდაჭერას. ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი, მამაცი და კარგი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძვის და იცავს უკრაინას რუსეთის თავდასხმისგან.
ზუსტად ისე, როგორც ამას ბევრი უკრაინელი 2008 წელს აკეთებდა და ქართველებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იდგა. იმ რუსეთის, რომელმაც შელახა თქვენი დამოუკიდებლობა, მიითვისა თქვენი ტერიტორიების ნაწილი და დახოცა თქვენი მოქალაქეები.
მაშინ უკრაინამ რუსეთთან წინააღმდეგობის პირველივე დღეს გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს. როგორც პოლიტიკურ და ინფორმაციულ, ასევე საერთაშორისო და სამხედრო დონეზე.
უბრალოდ მინდა შეგახსენო, რომ უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემით (ბუკი და საზენიტო კომპლექსი) იცავდით თქვენს ცას.
ჩვენ მხარდაჭერას არ ვზომავთ. დახმარება ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს. ხოლო ყველა, ვინც ასე ეხმარება, მოქმედებს ისე, როგორც ამის საშუალებას გარემოება, სინდისი და მოვალეობის გრძნობა აძლევს.
საბოლოოდ, ჩვენ ჩვენი ისტორია და ერი შეგვაფასებს.
ერთადერთი, რაც ჩემში აღუწერელი წუხილის გრძნობას იწვევს, არის შეკითხვა, რამდენად მიზანშეწონილია "უადგილო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩამოსვლის მოწვევას და მისი გასაჭირისა და მწუხარების გაზიარებას ან მხარდაჭერის გამოხატვას? ვფიქრობ, რომ ეს მეგობარმა მოწვევის გარეშეც უნდა გააკეთოს.
ბოლოს და ბოლოს, ჩემი აზრით, სწორედ ასე თქვა დიდმა შოთა რუსთაველმა: "ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გულს მისცემდეს გულისათვის - სიყვარული გზად და ხიდად",-წერს რუსლან სტეფანჩუკი.
ცნობისთვის, რუსლან სტეფანჩუკმა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები მიიწვია უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც გათავისუფლების შემდეგ ასობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. შალვა პაპუაშვილმა სტეფანჩუკს 8 აპრილს უპასუხა. მისი თქმით, ოფიციალური მიწვევა "არასათანადოდ ჩანს".