"საქართველოს ხელისუფლებისგან ველით, რომ დაემორჩილება იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენ რუსეთს დავუწესეთ" - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში " დღის სტუმარი, აშშ-ის ელჩი ეუთოში, მაიკლ კარპენტერი საუბრობს.
გთავაზობთ კარპენტერთან ექსკლუზიურ ინტერვიუს სრულად:
- დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, თქვენ ჩვენი სტუმარი არაერთხელ ყოფილხართ სხვადასხვა პოზიციიდან და ამჟამდ თქვენ ეუთოში ხართ ამერიკის წარმომადგენელი, ორგანიზაციაში, რომლის წევრიც რუსეთია და ამიტომ თქვენი მოსაზრებები განსაკუთრებით საინტერესოა. უკვე მეორე თვეა ომია და ვხედავთ, პუტინი ვერ აღწევს თავის მიზანს, მან უკრაინა ვერ დაიპყრო და ახლა მთავარი აქცენტი აღმოსავლეთისკენ დონბასისა და მარიუპოლისკენ აქვს გადატანილი, რამდენად ზრდის ეს ბირთვულ და ქიმიურ საფრთხეს და ასეთ შემთხვევაში როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია? ბაიდენმა თქვა, რომ რეაქცია იქნება, საინტერესოა როგორი იქნება ეს პასუხი ?
- როდესაც რუსეთი ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღზე იწყებს საუბარს, ამას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ადრე, როდესაც მოსკოვს ეს თემა წამოუწევია, მალე თავად გამოიყენებია ის მეთოდი, რომლის მომზადებასაც სხვებს აბრალებს. ასე რომ, ყურადღებაა საჭირო. რუსეთმა კიევისთვის ბრძოლა წააგო, უკან დაიხია, დააბრუნა ჯარები რუსეთში და ახლა იმავე ჯარების მობილიზებას ახდენს აღმოსავლეთით, რათა დონბასზე განახორციელოს შეტევა. ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია და ამის პირველი ნიშანი კრამატორსკში მომხდარი ამბავი იყო, როდესაც რკინიგზის სადგური დაბომბეს და ორმოცდაათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
დონბასში, ჩემი აზრით, ბრძოლები ახლა უფრო ინტენსიური გახდება. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, უბრალოდ გეტყვით, რომ უკრაინას ყველანაირად დავეხმარებით. მათ შორის იქნება მაკროეკონომიკური მხარდაჭერა. ასევე, უკრაინას სჭირდება დაუყოვნებელი ფინანსური დახმარება, შემდეგ კი საჭირო იქნება პოსტ-კონფლიქტური დახმარებაც, რაც მოიცავს უკრაინის მეზობლებსაც, რადგან ეს ომი ახდენს უარყოფით გავლენას მთელ მსოფლიოზე. მაგალითად, ის ფაქტი, რომ რუსეთს ბლოკადა აქვს დაწესებული აზოვის ზღვაში, აფერხებს უკრაინული ხორბლის ექსპორტს, რაც იწვევს კრიზისს. ეს ყველაფერი არის რუსეთის ბრალი, რომელიც აწარმოებს ამ სასტიკ და უაზრო ომს ტავისი არაკონფლიქტრური და მშვიდი მეზობლის წინააღმდეგ. ამ,ას უნდა ჰქონდეს სერიოზული შედეგები რუსეთისთვის, რაც წლების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, თუ არა ათწლეულების.
- როგორც თქვენ ამბობთ, რუსულმა არმიამ შეიცვალა სტრატეგია, დიდი მარცხის შემდეგ ისინი დონბასზე არიან გადართულები, მაგრამ ომის არ წყვეტენ, ასეთ შემთვევაში რამ უნდა გააჩეროს რუსეთი? თუკი დასავლეთი არასაფრენ ზონაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს, მიიღებს თუ არა უკრაინა ისეთ იარაღს რომ თავად შექმნას ეს არასაფრენი ზონა, როგორც ირკვევა ბორის ჯონსონის ვიზიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი აძლევს მას მძიმე იარაღს, მოხდება თუ არა ეს ამერიკის შემთხვევაში?
- აშშ უკრაინას იარაღს ამ კონფლიქტის დაწყების დღიდან აწვდის, მათ შორის თანამედროვე ჯავშანსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს. ჩვენ გაცილებით მეტი დახმარება გავუწიეთ უკრაინას უსაფრთხოების კუთხით, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ. ეს არის დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი და ჩვენ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ. რაც შეეხება ცის დახურვას, ეს საკმაოდ რთული საკითხია სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელებისთვის იმ პლატფორმების მიწოდებას, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ბალისტიკური რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების, არტილერიისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ ეფექტურად იმოქმედონ. ასე რომ, ჩვენ მათ მივცემთ ყველაფერს, რაც მათ საკუთარი ქვეყნის დაცვაში დაეხმარება.
- ანუ როდესაც კულება ამბობს, რომ სამართლიან გარიგებას ვთავაზობთ დასავლეთს: თქვენ სათანადო იარაღი მოგვეცით და ჩვენ უკრაინაში დავამარცხებთ პუტინს ეს შეთანხება ძალაშია?
- მე ვფიქრობ, უკრაინელებმა უკვე დაამტკიცეს, რომ აქვთ საკმარისი სიმამაცე და სიმტკიცე, შეებრძოლონ ამ შემოტევას და დაიცვან თავიანთი ცხოვრების წესი და თავისუფლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენის მხრივ მათ ყველანაირად დავეხმარებით არა მხოლოდ იარაღის მიწოდებით, არამედ ფინანსურადაც, რადგან ომის შემდეგ უკრაინას აღდგენა დასჭირდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმაც მკაფიოდ განაცხადა.
- თურქეთში მოლაპარაკებებისას უკრაინამ მოითხოვა უსაფრთხოების ახალი გარანტიები ძლიერი სახელმწიფოებისგან, ბუდაპეშტის მეომრანდუმისგან განსხვავებული, არის თუ არა მზად ამერიკა, რომ რომ უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება?
- ვფიქრობ, როდესაც საქმე უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, ეშმაკი დეტალებშია. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით უკრაინას ამ მოლაპარაკებებში, რათა საბოლოოდ ის იყოს უკრაინისთვის ხელსაყრელი და არა რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ ვუწესებთ ჩვენ ასეთ მძიმე სანქციებს რუსეთს. მოლაპარაკებებზე უკრაინას უნდა ჰქონდეს უპირატესობა. რაც შეეხება საბოლოო მიზანს ან შედეგს, სპეკულაციებს არ დავიწყებ იმ ვერსიებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიაში გამოქვეყნდა. ერთადერთი, რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ აშშ მაქსიმალურად დაეხმარება უკრაინას ამ მოლაპარაკებებში.
- რას გულისხმობთ, რომ ეშმაკი დეტალებში იმალება და მაინც, შეიძლება საქართველოც მოხვდეს ასეთი უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ?
- როგორც გახსოვთ, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე იტქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან და ორივე ქვეყნის მოსახლეობა სწორედ ამ მიზნისკენ მიისწრაფვის. ვიცი, რომ ქართველების ¾ უჭერს მხარს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ევროკავშირის მსურველების ოდენობა. უკრაინას რაც შეეხება, იქ ახლა ომი მიდის და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები არ ჩატარებულა ბოლო დროს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ იქაც ანალოგიური მონაცემები იქნება. უბრალოდ, ამას დრო სჭირდება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ჩვენ ხმის უფლება არა გვაქვს, ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია, ნატოს თაობაზე კი მიმაჩნია, რომ ალიანსის კარი ღია უნდა დარჩეს.
- რადგან ახლა ნატო ახსენეთ, მიგაჩნიათ თუ არა რომ ამ ომისა და 2008 წელს საქართველოს ტრაგიკული აგვისტოს ბედი სწორედ ამ სამიტის დროს მაპზე ნათქვამმა უარმა გადაწყვიტა, სულ ცოტა ხნის წინ ალქესანდრე შუბმა ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და 2008 წლის ომის დროს ეუთოს თავმდჯმარემ თქვა, რომ ფატობრივად პუტინის ამ სიგიჟისა და ბოროტების დასაწყისი იყო ჯერ ომი საქართველოს წინააღმდეგ, შემდეგ ყირიმი, ფიქრობთ თუ არა, რომ დასავლეთის მაშინდელმა იგნორმა წაახალისა პუტინი და დღეს ამის შედგებს უკრაინაში ვიმკით?
- არ მინდა ვინმესკენ თითი გავიშვირო. მე მიმუშავია ალექსანდერ შტუბთან ერთად, ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, როდესაც 2008 წელს საქართველოში ომი მოხდა. მე ვიცი, რომ ის გაწბილებული იყო ამ ომით და მისი შედეგით. ვფიქრობ, რუსეთს საკმარისი საფასური არ გადაუხდია მაშინ ამ აგრესიის გამო და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ გათვალა პუტინმა ამჯერად შედეგები. პრეზიდენტი ბაიდენი თავიდანვე აფრთხილებდა მას, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში იქნებოდა სერიოზული, უპრეცედენტო შედეგები. პუტინმა გადაწყვიტა, რომ ამისთვის ყურადღება არ მიექცია და ამან მას სტრატეგიული მარცხი მოუტანა. საერთოდ, როცა რომელიმე სახელმწიფო არღვევს ისეთ ფუდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამას უნდა მოყვეს უმკაცრესი შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ასეთ სახელმწიფოებს არასწორ სიგნალს ვუგზავნით.
- 2008 წლის ომს რომ დავუბუნდეთ, რუსული დეზინფორმაცია, ჩვენს შემთხვევაში პუტინი თავისი პროპაგანდით ცდილობდა საქართველოსთვის მოეგო. ვინ დაიწყო ომი? აი ამ შეკითხვით დაიწყო კამპანია. მაშინ საქართველოშიც და დასავლეთის გარკვეულ წრეებშიც ამან იმუშავა, ან პირიქით ვისაც დასავლეთში კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდოდა, ეს პროპაგანდა სათავისოდ კარგად გამოიყენა. ახლა კი ყველაფერი ნათელი გახდა....
- ჩემი აზრით, ყველაფერი სავსებით ნათელია და ყოველთვის ასე იყო. მოხდა ბევრი პროვოკაცია, რომელმაც მოიტანა 2008 წლის აგვისტოს ომი: იყო სამხედრო სწავლებები და ათასობით ჯარისკაცი საქართველოს საზღვართან ახლოს. მანამდე კიდევ რკინიგზის შეკეთება ვიხილეთ ოჩამჩირედან რუსეთის საზღვრამდე და 2008 წლის აპრილში აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო საფრენი აპარატიც ჩამოაგდეს. ეს კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მაშინ აფხაზეთში ვიყავი გაეროს დელეგაციასთან ერთად. ასე რომ, ყველამ ვიცით, რომ მაშინ ყველაფერი გაკეთდა საქართველოს ხაფანგში მოსაქცევად. უკრაინაში კი ხელაღებით მოხდა აგრესია და ეს განსაკუთრებით გამაოგნებელი და შოკისმომგვრელი იყო მსოფლიოსთვის.
- და ეს ომი მართლა ტესტივით იქცა მთელი მსოფლიოსთვის, ვინ საით დგას რეალურად, განსაზღვრავს იმას ვინ არის ცივილიზაციისა და პროგრესის მხარეს და ვინ უჭერს მხარს რაშისტებს, ბოროტებას, როგორ პოზიციონირებს დღეს საქართველოს მთავრობა პარტნიორების თვალში ?
- ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის გვერდით დგომა გააგრძელოს და ასევე არ გადაუხვიოს ევროატლანტიკურ გზას. ეს რა თქმა უნდა ხალხის გადასაწყვეტია და მთავრობამ ხმამაღლა უნდა ილაპარაკოს, რეფორმები განახორციელოს, მხარი დაუჭიროს უკრაინის სუვერენიტეტს და უბრალოდ მკაფიოდ გამოთქვას აზრი მიმდინარე სიტუაციის შესახებ.
- უკრაინულ მხარეს ეჭვი აქვს, რომ "ოცნება" ხელს არ უშლის კონტრაბანდას. თუ ეს დადასტურდა, რამდენად სარისკო შეიძლება ეს იყოს ჩვენი ქვეყნისთვის ?
- საქნციებისთვის გვერდის ავლა ძალიან სერიოზული საკითხია და ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს, რომ ეს თავიდან აიცილონ. მე ვიცი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა ინსტიტუტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობაში იყვნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ სანქციებს გვერდი აუაროს და ჩვენ ყველა მოკავშირეს ვთხოვთ, რომ ამას ხელი შეუშალოს.
- ჩვენ ვხედავთ დასავლეთის უპრეცედენტო სანქციებს ინდივიდების მიმართ, დემოკრატიის უკუსვლა, სამი უმძიმესი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრები, ხომ არ გახდება მიზეზი პერსონალური სანქციებისთვის, ივანიშვილის გარემოცვისთვის ?
- ახლა აშშ-ს მთელი ყურადღება გადატანილი აქვს უკრაინაზე და ეს გამოიხატება არა მხოლოდ სანქციებში, რომლებსაც პუტინის გარემოცვას უწესებს, არამედ ასევე იმაში, რომ რუსეთმა უნდა იწვნიოს ისეთი სერიოზული ეკონომიკური შედეგები, რომელთა მსგავსი ადრე არასდროს გამოუცდია. ამის მაგალითი არის რუსეთის უდიდესი ბანკის, სბერბანკის სრული დაბლოკვა და ასევე საქნციები სხვა მნიშვნელოვან ინსტიტუტებს. მე ახლა არ გავუსწრებ მოვლენებს და არ დავიწყებ სპეკულირებას, რა სანქციები შეიძლება დაუწესდეს სხვა ქვეყნებს. რა თქმა უნდა, უკრაინაზე გადატანილი ყურადღება არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი სხვა რეგიონებს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ახლა საქართველოს ხელისუფლებისგან ველით, რომ პატივს სცემს და დაემორჩილება იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენ რუსეთს დავუწესეთ.
- საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმარია, ივანიშვილისა და პუტინის მძევალი, მას მკურნალობის უფლებასაც არ აძლევენ, ასეთ ვითარებაში ევროინტეგრაცია რამდენად არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნისთვის?
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დაიცვას ყველა სტანდარტი პატიმრებთან და ბრალდებულებთან მოპყრობის საკითხში და ასევე კანონის უზენაესობა იქნას დაცული მაქსიმალურად. ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის. კანონის უზენაესობა არის ნომერ პირველი საკითხი, როდესაც საუბარია ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძლეებთ საუბარს საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე.
- და ბოლოს, ჩვენი საუბრის დასასრულს, ხომ არ გინდათ მიმართოთ ქართველ ხალხს და ხომ არ გექნებათ ცაკლე გზავნილი "ოცნების" ხელისუფლებისთვის?
- ეს არის მომენტი მსოფლიო ისტორიაში, როდესაც ბარბაროსული რეჟიმი ახორციელებს ბარბაროსულ თავდასხმას დემოკრატიულ ქვეყანაზე და ახლა დროა, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო გაერთიანდეს, უერთგულოს თავის პრინციპებს და დაგმოს ის, რაც ხდება უკრაინაში. ეს არ არის უბრალოდ ომი ორ ქვეყანას შორის, ეს არის ბრძოლა პრინციპებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ დემოკრატიას არსებობის უფლება ჰქონდეს და დემოკრატიული ქვეყნის საზღვრები იყოს ხელშეუხებელი. ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო ერთობას და ამ ერთობას შენარჩუნება სჭირდება. ეს არის მომენტი, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება გამოცდას აბარებს.