
არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის იმ ნორმას, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
მათი ცნობით, მოსარჩლეები ერთი მხრივ რელიგიური ორგანიზაცია, მეორე მხრივ კი, სიღნაღში, ტყის მახლობლად მცხოვრები მოქალაქეა.
SJC წერს, რომ სარჩელის მიზანია დაიცვას ტყე, როგორც უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი განკერძოებისგან, რადგან ამით თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი და საზოგადოების ტყის რესურსზე წვდომის უფლება ირღვევა.
"საპატრიარქოსათვის ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭების შეუთავსებლობაზე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპთან არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს მიერ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღებისა და საგადასახადო პრივილეგიებით სარგებლობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების დიფერენცირების გამართლება, მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოს ისტორიაში განსაკუთრებულ როლზე მითითებით, აზრს უკარგავს თანასწორობის უფლებას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ტყის ფართობებზე საკუთრების მოპოვების უფლებამოსილების ექსკლუზიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მინიჭება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
გარდა ამისა, ტყის ფართობებზე საკუთრების უფლების მოპოვების შედეგად, მართლმადიდებელ ეკლესიას ენიჭება ტყის მართვისა და ტყით სარგებლობის რიგი ექსკლუზიური უფლებები, რაც გამორიცხავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტყის რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას. კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ტყის ფართობებზე მოსახლეობა ვერ შეძლებს საქონლის ძოვებასა და პირადი მოხმარების მიზნით ტყის რესურსების მოპოვებას, რაც აუცილებელია მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად", - წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია წერს, რომ სახელმწიფოს არც კი შეუფასებია ტყის ვრცელი ტერიტორიების ეკლესიისათვის გადაცემის ეკონომიკური სარგებლიანობა და მისი შესაძლო გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და ბუნებრივ გარემოზე - შედეგად, სადაო ნორმით გაუმართლებლად იზღუდება ასევე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული გარემოს დაცვის უფლება.