ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მთავრობისგან ყველაფერია მოსალოდნელი - ოპოზიცია საკონსიტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ოპოზიცია რისკებზე საუბრობს და არ გამორცხავს, რომ "ოცნებამ" შეიძლება ცვლილებები შემდეგ მოსმენებზე ჩააგდოს.
"ნაციონალურ მოძრაობა" არც ერთ კენჭისყრაში არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. პარტიის წევრების თქმით, ეს ბოიკოტი მთავრობის მიმართ ერთგვარი ზეწოლის საფუძველია. სწორედ საგარეო და საშინა ზეწოლის შედეგად გათავისუფლდნენ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან.
რატომ შეჯდა ჯორზე "ოცნება", იმიტომ, რომ ბოლომდე უნდოდა გამოეყენებინა გიორგი რურუამ მძევლად და აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, მაგრამ ვერ გაბედა, რადგან ძალიან მძიმე ფასად დაუჯდებოდა ივანიშვილს ეს. გამოუშვან უდანაშაულო ადამიანი და ჩავთვლით, რომ შეთანხმება სრულად არის შესრულებული, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ამბობენ, რომ პირველი მოსმენით ცვლილებებს მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ მისი ამ მოსმენაზე ჩაგდების რისკი არსებობდა, თუმცა თუ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ისინი ცვლილლებებს მეორე და მესამე მოსმენაზე მხარს აღარ დაუჭერენ.
პირველი მოსმენით, ჩვენ, შანსი არ დავუტოვეთ ქართულ ოცნებას, რომ ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რადგან თავდაპირველი მათი გეგმა სწორედ ეს იყო და ამასთან ერთად, დავანახეთ საზოგადოებას, რაოდენ მოწადინებული ვართ, რომ ეს ცვლილებები გავიდეს. ასე რომ, ჩვენ მივეცით დამატებით დრო ქართულ ოცნებას, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ოპოზიცია მიიღებდა თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან გარანტირებული 116 ხმა უკვე ჰქონდათ.
არავითარი საფრთხის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, მიიღებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პარტია, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ.
ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ 136 მომხრით და 5 წინააღმდეგით მიიღო. "ევროპულმა საქართველომ" ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პოლიტიკური გადაწყვეტილება პარტიამ კი იმით ახსნა, რომ თუ პროექტი პირველი მოსმენით ჩავარდებოდა, მისი ხელახლა განხილვის დაწყება პარლამენტში ვეღარ მოხდებოდა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შანსიც კი აღარ არსებობდა.