მახარებს, რომ რაღაც ნაბიჯი წინ გადაიდგა - გიორგი რურუამ საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასა

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუა 8 მარტის ისტორიული შეთანხმების ბოლომდე შესრულებას ელოდება. პოლიტპატიმარი საარჩევნო ცვლილებებს სასამართლო დარბაზიდან გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ "ოცნების" ხელისუფლება პირობას შეასრულებს.  

სხდომის პროცესში გიორგი რურუამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოხატვა ისურვა. თავდაპირველად, მოსამართლემ ამის საშუალება არ მისცა, რაც საქმესთან თემის არარელევანტურობით ახსნა. თუმცა, რურუას ადვოკატმა მოსამართლეს მიუთითა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და შესაბამისად, უნდა შეეძლოს აზრის გამოთქმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. საბოლოოდ, რურუას კომენტარის გაკეთების საშუალება მიეცა.

გიორგი რურუას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. რურუა იმედს გამოთქვამს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.

მივესალმები ამ შეთანხმებას და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის და ასევე მახარებს, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა წინ, - აღნიშნა რურუამ.

განცხადების წაკითხვის შემდეგ სხდომა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. დაიკითხნენ სამართალდამცველები, რომელთა მოწმეთა სიაში ჩაწერა ბრალდების მხარემ საჭიროდ არ მიიჩნია. თუმცა, დაცვის მხარის აზრით, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.

არ გამოვტოვებ არც ერთ შესაძლებლობას გიორგი რურუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაზე შეამდგომლობა რომ დავაყენოთ, - განმარტა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შემდეგი სხდომა, რომელიც ოთხშაბათსაა ჩანიშნული, კვლავ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი