
სუმის რაიონის სოფელ ბილკაში, რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლების შემდეგ, ქიმიური იარაღის ნარჩენები იპოვეს - ამის შესახებ უკრაინული რადიოს ეთერში, ტროსტიანეცის მერმა, იური ბოვამ განაცხადა.
ბოვას ინფორმაციით, აღმოჩენილია ზარინი და სხვა ნივთიერებები.
"სოფელ ბელკაში აღმოვაჩინეთ ქიმიური იარაღის ნაშთები - ზარინი და სხვა ნივთიერებები. ვიპოვეთ ამპულები. ახლა ამაზე უკრაინის უშიშროების სამსახური მუშაობს. შესაძლოა, ოკუპანტებს სურდათ ამ ქიმიური ნივთიერების კიევში, პოლტავაში ან სხვა ქალაქებში გამოყენება." თქვა მან.
ტროსტიანეცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მერმა აღნიშნა, რომ დანაღმულია სასაფლაო, ტყის პლანტაცია, პარკის ტერიტორიები და ადმინისტრაციული ობიექტები.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის და კონკრეტულად კი ზარინის გამოყენების ეჭვი არსებობს მარიუპოლშიც. 11 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა მათ მიერვე განადგურებულ და ალყაში მოქცეულ ქალაქში, უცნობი წარმოშობის მომწამვლელი, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს.
ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დადასტურებულა ქიმიური ნივთიერების გამოყენება, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ფაქტს იკვლევენ.
იხილეთ ასევე: