ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტზე მოხსენებით უკვე წარსდგა. მედიასთან პირველი კომენტარის დროს მან აღნიშნა, რომ ალიანსმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დაეხმაროს საქართველოს და სხვა პარტნიორებს.
მისივე თქმით, ნატო-ს ხელმძღვანელობას სურს დაინახოს მეტი რეფორმები და ნაკლები პოლარიზებული გარემო.
"მე აქ ვარ ნატო-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, რათა დავეხმაროთ საქართველოს და სხვა პარტნიორებს ევროპაში ამ ძალიან რთულ გარემოში. რუსეთის ომმა უკრაინაში სრულიად შეცვალა უსაფრთხოების რუკა მსოფლიოში და შეცვალა ის ხანგრძლივ პერსპექტივაში, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს რომ დავეხმაროთ უკრაინას, შევაჩეროთ რუსეთი იზოლაციაში მოვახდინოთ ის დიპლომატიური კუთხით, რათა ვაიძულოთ, რომ ომი შეაჩეროს. სწორედ ამის ნაწილია პარტნიორებისთვის დახმარების გაწევა და სწორედ ამიტომ ვარ მე აქ.
რაც შეეხება იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ, მე ვიცი, რომ ქვეყნის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას და ეს არის ზეპარტიული გადაწყვეტილება. მაგრამ ნატო-ს ხელმძღვანელობას, ასევე, სურს დაინახოს მეტი რეფორმები და ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ", - თქვა აპატურაიმ.
რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, აპატურაიმ თქვა, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.
"სანქციებზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საქართველო ნამდვილად რთულ მდგომარეობაშია გეოგრაფიული და უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ნატო-ს ხელმძღვანელობას სურს ყველა ქვეყანა ერთსულოვანი იყოს იმაში, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე", - აღნიშნა მან.
აპატურაიმ პარლამენტი უკვე დატოვა. დღის მეორე ნახევარში ის შეხვედრებს თავდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართავს.