"რამდენიმე დღის წინ ფეხები წაერთვა, ხელმისაწვდომობაც კი არ მაქვს ციხის ექიმთან, რომ ვკითხო, რა მოხდა" - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილს ფეხები წაერთვა და გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არავითარი რეაგირება არ ხდება. 

"ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ფორმალურად ეს მოთხოვნები დააკმაყოფილა, არავითარი რეაგირება არ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე, მას წაერთვა ფეხები რამდენიმე დღის წინ და ის ვერ დადიოდა. ამასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომობაც კი არ მაქვს ციხის ექიმთან, რომ ვკითხო, რა მოუვიდა, ჩემ ხელმისაწვდომობას ვინ დაეძებს, ექიმი არ მყავს, რომელიც მეტყვის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადარჩება, ვერ გადარჩება, კარგად არის, ცუდად არის, წამების მსხვერპლი ხომ არ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რამე მიეწოდება თუ არა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ ვიღებ", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

მისივე თქმით, ყველა პროცესზე ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან სხვაგვარად მისი ექიმები პაციენტისგან ინფორმაციას ვერ იღებენ.

"ამიტომ, ყველა პროცესზე ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მოვისმენთ და მოისმენენ მისი ექიმები, რომლებიც არიან დარბაზში, იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენ ხელმისაწვდომობა ფიზიკურად არ გვაქვს უბრალოდ ადამიანის მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებით", - თქვა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიამ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს სთხოვა დაწვრილებით მოჰყვეს როგორ იღებს და იღებს თუ არა სამედიცინო დახმარებას ციხეში. მან ასევე მოსამართლეს მოუწოდა, ჩაატაროს "პროცესი პროცესში" და გამოიკვლიოს, როგორია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და მისი მკურნალობის პირობები, რადგან მასაც ეკისრება პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი