
"საქართველომ კარგად იცის რუსული აგრესიის სრული სპექტრი და ახსოვს 2008 წლის ომი... ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას" - ასე პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "მთავარი არხის" კორესპონდენტის შეკითხვას, თუ განიხილავს შეერთებული შტატები საქართველოსთვის სამხედრო ტიპისა და ფინანსურ დახმარებას ახლადაღმოცენებული გარემოებებისა და საფრთხეების კონტექსტში.
საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის დემონსტრაცია სხვადასხვა გზით მოვახდინეთ. თეორიული სცენარების განხილვაში არ შევალ იმაზე, თუ რა შეიძლება ვიხილოთ მოსკოვის მხრიდან, მაგრამ ისე როგორც უკრაინის შემთხვევაში, ასევე რეგიონში, სხვა ქვეყნებთან მიმართებით, საქართველოსადმი ჩვენ ვართ მტკიცედ ჩართულები პარტნიორულ ურთიერთობებში. საქართველომ კარგად იცის რუსული აგრესიის სრული სპექტრი და კარგად ახსოვს 2008 წლის ომი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომასა და მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, - ამბობს პრაისი.