
ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაცია პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ელჩი კელი დეგნანი და დავით ზალკალიანი.
მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე, დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომზე.
"პრემიერმინისტრმა დელეგაციის წევრებს დაუდასტურა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო და რჩება შეერთებული შტატების მტკიცე და საიმედო პარტნიორად რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლი ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაში. ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გადადგა, როგორც პოლიტიკური, ისე - ჰუმანიტარული მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისა და თანასპონსორობის სახით. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და ეს პროცესი გრძელდება", - წერია მთავრობის განცხადებაში.
უწყების ცნობით, პრემიერმა დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერისთვის, ხოლო დელეგაციის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის კონგრესის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს.