
საქართველო ევროკავშირს შევსებულ კითხვარს მაისში გადასცემს. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ღარიბაშვილისა და ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის სატელეფონო საუბარს ეხებოდა.
"მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ევროკავშირში წარდგენილ გაწევრიანების განაცხადზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიისგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მიიღო და საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი ევროკავშირს მაისის თვეში გადაეცემა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ წევრობისკენ მიმავალ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა საქართველოს გვერდით იდგება", - წერია განცხადებაში.
მთავრობის ცნობით. ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალეს.
პრემიერმა ავსტრიის კანცლერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ცნობით, ავსტრიის კანცლერმა ღარიბაშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.