მთავრობა კითხვარის პირველ ნაწილს ევროკომისიას ორშაბათს გადასცემს - მეორეს ისევ ავსებენ

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა, მეორე ნაწილზე კი ისევ აგრძელებს.

მისი თქმით, პირველ ნაწილს ევროკომისიას ორშაბათს გადასცემენ.

"კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა, ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის მოგეხსენებათ სექტორული ნაწილი, აღნიშნული კითხვარის, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2 300 კითხვა, აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა უწყებას, ქვეუწყებებს, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცედებით, რომ ბოლო ნაწილი კითხვარის რაც შეიძლება მალე, პირველ რიგში დავასრულოთ მუშაობა, შემდეგ გავუზიაროთ ევროპელ პარტნიორებს", - თქვა დარჩიაშვილი. 

მანვე აღნიშნა, რომ კითხვარის მეორე ნაწილი დღეს გასაჯაროვდება.

ცნობისთვის, ასეთივე კითხვარი უკრაინას 8 აპრილს გადაეცა, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წარმომადგენელს შევსებული კითხვარი 18 აპრილს დაუბრუნა. რაც შეეხება მოლდოვას, მათ შევსებული დოკუმენტი ევროკავშირს 22 აპრილს გადასცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი