
საპარლამენტო ოპოზიცია ვაშინგტონში ამერიკელ კონგრესმენებს ხვდება. გიორგი ვაშაძე, სერგო ჩიხლაძე და ხათუნა სამნიძე ვიზიტის პირველ დღეს ქეთლინ რაისსა და ადამ კინზინგერს შეხვდნენ, ასევე მონაწილეობა მიიღეს ევროპული ოჯახის პარტიების ლიდერთა კონფერენციაში.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკელ პარტნიორებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, საკითხზე ისაუბრეს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, აშშ-ში მომწიფებულია აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ევროპის რომელიმე ქვეყანაში მისი სამკურნალოდ გადაყვანა იქნება.
"გვქონდა საუბარი საქართველოს და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებზე, უსაფრთხოების საკითხზე. შევეხეთ ასევე მესამე პრეზიდენტის საკითხს და აქაც, შეერთებულ შტატებშიც მომწიფებულია აზრი, რომ ერთადერთი სწორი პირველ რიგში ქვეყნისთვის და პიროვნულადაც, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნება მისი გადაყვანა სარეაბილიტაციოდ ევროპის რომელიმე ქვეყანაში", - თქვა სერგო ჩიხლაძემ.