
დღეს დილით ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო, დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს - ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ დღეიდან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყება.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ - მოთხოვნა კი მოქმედი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომაა. მოქალაქეებთან ერთად საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
ცნობისთვის, გუშინ ერევნის ცენტრში აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და ღამე საფრანგეთის მოედანზე გაათენეს. ოპოზიციის ქუჩის საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ელის, რომ სომხური მხარე შეამცირებს ბარიერს მთიანი ყარაბაღის სტატუსის მოთხოვნაზე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება მთიანი ყარაბაღის საკითხში აზერბაიჯანთან დათმობებზე წასვლას აპირებს.
ფოტო: რადიო "თავისუფლება"