თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსამართლეს, რომ "მიიღოს სპეციალური დავალებები პენიტენციურ ორგანოსთან დაკავშირებით, სპეციალური სახელობითი მითითებებით და არა ზოგადი მითითებით".
გვარამიამ აღნიშნა, რომ ციხეში სომატური სიმპტომების მკურნალობაც არ მიმდინარეობს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.
"ყოველი შემდეგი მისვლა არის ბევრად გაუარესებული მდგომარეობა, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ 191-ე პრიმა მუხლის საფუძველზე გასცეს კონკრეტული დავალებები, მითუმეტეს მუხლში მოცემულია აუცილებელი ზომები", - თქვა ნიკა გვარამიამ.
გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საჭიროა მყისიერად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კონსერვაცია.
"ამ წუთში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სრულად შედის თქვენ იურისდიქციაში, ეს როგორც უფლება და ასევე, სრულად შედის თქვენს იურისდიქციაში, როგორც მოვალეობა, იმიტომ, რომ მიმდინარეობს წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ახალი ეპიზოდი, მე არ ვსაუბრობ იმაზე, რაზეც გამოძიება მიდის", - თქვა გვარამიამ.
მან მოუწოდა მოსამართლეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალისტების შეფასებები მოისმინოს.