
ბათუმში სასტუმროებში მცხოვრები უკრაინელი დევნილები თავშესაფრის გარეშე რჩებიან. ზოგიერთი მათგანი მცირეწლოვან შვილებთან და ასაკოვან ადამიანებთან ერთად არიან. უკრაინელები ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები და გაუჭირდებათ, საცხოვრებლები იქირაონ.
ვადა დევნილებს ხვალისთვის ეწურებათ, მათ 6 მაისისთვის ნომრები დაცლილი უნდა ჰქონდეთ. უკრაინელი დევნილები ამბობენ, რომ მათთან ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები არ მისულან.
"გვითხრეს, რომ ფინანსირება დასრულდა, ხვალ 12:00 საათამდე უნდა გავიდეთ, ზოგიერთი მეგობართან გადავა, ზოგი ქვეყნიდან წასვლას აპირებს. ყველას თავისი შესაძლებლობები აქვს, ზოგს კი არაფერი შეუძლია. მე მეგობრები მყავს და დროებით მათთან ვიცხოვრებ, ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდა და გვითხრა, რომ დაფინანსება დასრულდა, ალტერნატივა არ გვაქვს, იმედი გვაქვს დღეს კიდევ რაღაცას გვეტყვიან, 3 კვირაა აქ ვართ, 50-მდე ადამიანი მაინც ვიქნებით", - ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი დევნილი.
კიდევ ერთი დევნილი ყვება, რომ უთხრეს, ალტერნატივა თავად ეძებონ. სასტუმროების მფლობელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თინათინ ზოიძე აცხადებს, რომ 3 თვის განმავლობაში კერძო სასტუმროების მფლობელებმა მთავრობასთან ერთად კეთილი ნება გამოხატეს და უკრაინიდან დევნილები შეასახლეს, ახლა ტურისტული სეზონის მოახლოების გამო მათ თავისი გეგმები აქვთ.
"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული უკრაინის მოქალაქისთვის მოძიებულ იქნას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ის მოქალაქეები ვინც განთავსებული არიან მაღალი კლასის სასტუმროებში, მათთვის უკვე ეტაპობრივად გამოიძებნა როგორც ბინები, ასევე, სხვა ტიპის ალტერნატიული საცხოვრებელი ეტაპობრივად იქნება შეთავაზებული", - ამბობს ის.
დევნილები ალტერნატიული ფართის მოლოდინში არიან, თუმცა არ ფლობენ ინფორმაციას იმაზე, რომ აჭარის მთავრობა ამ კუთხით მუშაობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე