მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ცხრა პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომ დაიკითხოს ყველა სამართალდამცველი, რომლებმაც აქცია ჯერ დაშალეს, შემდეგ კი აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით მანქანებში ჩასვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 25 პირი დააკავა. აჭარის მთავრობის სახლთან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაყვანით მოთხოვნით მშვიდობიან აქციას მართავდნენ, რა დროსაც პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო და მოქალაქეები დააკავა.
ბათუმის პოლიცია განსაკუთრებით აგრესიული იყო. პოლიციელებმა მთავრობის სახლთან ბორკილები დაადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს დეპუტატებს. გიორგი კირთაძე და ლევან ანთაძე პოლიციამ ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა, მოგვიანებით კი ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა, მათ ადგილსამყოფელს პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში მალავდა.
დაკავებულების მეორე ნაწილი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება.
შემდგომი სხდომა 23 და 24 მაისს გაიმართება. ოპოზიცია ამბობს რომ პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო დაკავებები ვერ შეაჩერებთ და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები ბათუმში ყოველდღიურ სახეს მიიღებს.