იპოთეკური სესხების სუბსიდირების დაანონსებიდან ერთი თვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ამ თემაზე დადგენილების მიღებას ააანონსებს. გიორგი გახარიას განცხადებით, რომელიც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა, მშენებლობის სექტორის მიმართულებით არსებული გადაწყვეტილებები დადგენილების სახით დღეს იქნება მიღებული.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს, სახელმწიფო ნაწილობრივ დაუფინანსებს სესხის პროცენტს ხუთი წლის განმავლობაში.
სხდომაზე ძირითადი ყურადღება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სამშენებლო სექტორის დახმარებას დაეთმო. მოქალაქეები, რომლებიც წლის ბოლომდე შეიძენენ საცხოვრებელ ფართს, სახელმწიფოსგან 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდიებს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ აღნიშნული გეგმა 28 მაისს გააჟღერა. დეველოპერების თქმით, მას შემდეგ მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შეკვეთები, რადგან ბოლო ერთი თვის მანძილზე ყველა ამ დადგენილების ძალაში შესვლას ელოდებოდა.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თუ სამშენებლო კომპანიები კრიზისის პირობებში მშენებლობების დასრულებას მოახერხებენ, სახელმწიფო საკონკურსო ფასად შეიძენს მათი ფართების არა უმეტეს 30%-ს.
სამშენებლო ბიზნესში იპოთეკური სესხების სუბსიდიების გაცემა მომავალ კვირას, პროექტ "აწარმოე საქართველოში-ს" ფარგლებში დაიწყება.
ამას გარდა, სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ფრენები განახლდება არა 1 ივლისიდან, არამედ ივლისის ბოლოდან. თურნავას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული. ამჟამად კი მთავრობა ევროკავშირის დადგენილებას ელოდება არაწევრ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის შესახებ.
ივლისში საკმაოდ ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს... ბიზნეს-ვიზიტორებისთვის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა, გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე, - განმარტავს თურნავა.